LIVE

მაღაზიების ნაწილმა საოჯახო ტექნიკა 5%-ით გააძვირა

05 აპრ 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1118

მაღაზიების ნაწილმა საოჯახო ტექნიკა 5%-ით გააძვირა. მიზეზი გაუფასურებული ლარი და შეზღუდვების ფონზე გაზრდილი ხარჯებია.

"სამი მიზეზის გამო მოგვიწია ფასის ზრდა: ტრანსპორტირება გაგვიძვირდა, ლარი გაუფასურებულია და ყველა მასალის ფასი გაიზარდა. თუ ჩინეთიდან 2800-3000 დოლარი გვიჯდებოდა გარკვეული პროდუქციის ჩამოტანა, ახლა 8000-9000 დოლარი გვიჯდება, შესაბამისად, ტრანსპორტირების საფასური თვითღირებულებას ზრდის",-აცხადებს "ბეკოს" გენერალური დირექტორი მეჰმეთ მელექი.

საოჯახო ტექნიკასთან ერთად, მობილური ტელეფონები გაძვირდა. როგორც "ბიზნეს ფორმულას" iPlus-ში განუცხადეს, ბოლო ერთ თვეში, iPhone 12 pro max-ის ღირებულება 360 ლარით გაიზარდა.

"iPhone-ის ფასის ზრდა მხოლოდ ლარის კურსმა არ გამოიწვია, მიზეზი ისიცაა, რომ ფრენები არ ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. პროდუქცია ევროპული ქვეყნებიდან თუ შემოგვქონდა, ახლა თურქეთის გავლით გვიწევს, რაც ძვირი ჯდება და ტრანსპორტირების ხარჯებს აძვირებს. შესაბამისად, ეს აისახება პროდუქციის ფასზე",-აცხადებს iPlus-ის გენერალური მენეჯერი, კახა სეფაშვილი და აღნიშნავს, რომ შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ტექნიკას განვადებით ყიდულობენ.

აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორი უკვე თვეებია, მთავრობას შეზღუდვების ბოლომდე მოხსნასა და კომენდანტის საათის გადაწევას სთხოვს. თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება და შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება, პროდუქციის გაძვირებას ჰიპერმარკეტებშიც არ გამორიცხავენ.