LIVE

Apple-ი თანამშრომლების ვაქცინაციას ანაზღაურებადი შვებულებით უწყობს ხელს

02 აპრ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 711
Apple-ი თანამშრომლების ვაქცინაციას ანაზღაურებადი შვებულებით უწყობს ხელს
David Paul Morris/Bloomberg

Apple-ი თანამშრომლების ვაქცინაციის წახალისებას აცრის დღეებში ანაზღაურებადი დასვენების, ხოლო ვაქცინაციის შემდგომ, გართულებების შემთხვევაში, ანაზღაურებადი შვებულების შეთავაზებით ცდილობს.

კალიფორნიაში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა თანამშრომლებს ასევე განუცხადა, რომ დასაქმებულების აცრას თავად კომპანია არ უზრუნველყოფს.

პანდემიის დასაწყისიდან, Apple-ი Covid-19-ის სიმპტომების მქონე დასაქმებულ პირებს ანაზღაურებად დასვენებას სთავაზობს. ბევრი კორპორატიული თანამშრომელი კვლავ სახლიდან მუშაობს, თუმცა საცალო ვაჭრობის პერსონალს კომპანია მაღაზიების გახსნის პარალელურად, თანდათან სამსახურში აბრუნებს.

Apple-ი თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ ოფისებში ბრუნდებიან, Covid-19-ზე ტესტირებას ადგილზე სთავაზობს და ასევე უზრუნველყოფს ტესტის ნაკრების ფოსტით გაგზავნას როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მუშაკებისთვის.

კომპანიამ თავის Maps აპლიკაციას ახლახანს დაამატა ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს ვაქცინაციის პუნქტების პოვნაში ეხმარება.

კალიფორნიის შტატში, სადაც Apple-ს თავისი მთავარი ოფისები და 50-ზე მეტი მაღაზია აქვს, 15 აპრილიდან 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს უკვე ექნებათ ვაქცინაციის უფლება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი