Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობას D შეფასება მისცა, რაც ევროპის ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის ყველაზე ცუდი რეიტინგია. გლობალურ დონეზეც, თურნავაზე ცუდი შეფასება მხოლოდ მიანმარის და ვენესუელას ცენტრალური ბანკების მმართველებს აქვთ.
2024 წლის Central Banker Report Cards-ის თანახმად, ნათია თურნავას საქმიანობას 2023 წლიდან ჩრდილად გასდევს მის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის პოლიტიკური ნიშნით დაკავება, თუმცა ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა იმის გათვალისწინებით, რომ ისიც და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებაც პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული.
უფრო კონკრეტულად, გამოცემას მოჰყავს თურანვას მიერ ერთი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, "როცა მან ვერ შეძლო აღესრულებინა საერთაშორისო სანქციები საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებაში - რომელსაც მჭიდრო კონტაქტები აკავშირებს რუსეთს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან - რამდენადაც დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქის აქტივების გაყინვა მხოლოდ ქართულ სასამართლოს შეუძლია. მისმა კონტროვერსიულმა პოზიციამ ეროვნული ბანკის სამი უმაღლესი თანამდებობის პირის გადადგომა გამოიწვია და ასევე ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა, რომელმაც თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა."
Global Finance-ის შეფასებითვე, თურნავას მოსთხოვეს დაეხარჯა სავალუტო რეზერვები ლარის გასამყარებლად მაისში, მიუხედავად პოლიტიკური პარტიების, პრეზიდენტის და ევროკავშირის პოზიციისა, რომელმაც საბოლოოდ, შეაჩერა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები საქართველოსთან. გამოცემა განმარტავს, რომ თურნავამ ხელისუფლების ეს დავალება რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე სამოქალაქო პროტესტის პიკზე შეასრულა და აქვე მოჰყავს Fitch Ratings-ის მონაცემებიც, რომლის თანახმად, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 2023 წლის აგვისტოში $5.4 მილიარდიდან მიმდინარე წლის ივნისში $4.6 მილიარდამდე იყო შემცირებული და ეს კლება თურნავას თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე დაიწყო.
"მას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ გაეფანტა სექტემბერში მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული შეშფოთება, ხოლო მისი სიახლოვე მმართველ პარტიასთან, ქართულ ოცნებასთან მის მიმართ ნდობას არყევს," წერს Global Finance და კვლავ Fitch Ratings-ის შეფასებაზე მიუთითებს, რომლის თანახმად "ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ რისკებს შეუძლია შეარყიოს მისი პოლიტიკის სანდოობა, რაც პოტენციურად შეასუსტებს საქართველოს, როგორც მცირე, ღია და მაღალ დოლარიზებული ეკონომიკის შესაძლებლობებს გარე შოკებზე რეაგირებისთვის.”
Global Finance ცენტრალურ ბანკირებს ფინანსური ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით A-დან F-მდე შკალაზე აფასებს, სადაც A+ საუკეთსო შეფასებაა, F - ყველაზე დაბალი. ევროპის რეგიონში ყველაზე დაბალი შეფასება - D - ნათია თურნავას აქვს, ყველაზე მაღალი - A+ დანიის და შვეიცარიის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს, ხოლო ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს, კრისტინ ლაგარდს A- ერგო.
საგულისხმოა, რომ ნათია თურნავას წინამორბედი, კობა გვენეტაძე Global Finance-მა ხუთჯერ დაასახელა მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის.
Global Finance-ს შეფასება ეყრდნობა 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 30 ივნისამდე პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს როგორიცაა მონეტარული პოლიტიკა, ფინანსური სისტემის ზედამხედველობა, აქტივების შესყიდვის და ბონდების გაყიდვის პროგრამები, პროგნოზირება, გამჭვირვალობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა.