LIVE

წერეთელზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება

20 იან 202410:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 429
წერეთელზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი ორი დღის განმავლობაში, 20 იანვრიდან 22 იანვრამდე, იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მერიის ინფორმაციით, გამზირზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და ამ დროისთვის, მთლიან გამზირზე ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები ხორციელდება გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთაზე.

"კერძოდ, N311, N 327 ავტობუსები და N458, N 476, N 504 მიკროავტობუსები, რომლებიც წერეთლის გამზირიდან მოძრაობას წინამძღვრიშვილის ქუჩისკენ აგრძელებენ, ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

ხოლო, უკუმიმართულებით წერეთლის გამზირისკენ მოძრაობისას, N 320 ავტობუსი და N 536, N 551 მიკროავტობუსები აღმაშენებლის გამზირზე აღარ შევლენ და მოძრაობას თამარ მეფის გამზირზე გააგრძელებენ, შემდეგ კი წინამძღვრიშვილის ქუჩით წერეთლის გამზირს დაუკავშირდებიან.

N 476, N 458 მიკროავტობუსები, სადგურის მოედნისკენ მოძრაობისას, დავით ყიფიანის ქუჩიდან სვლას აღმაშენებლის გამზირისკენ გააგრძელებენ, რის შემდეგაც თამარ მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით აბასთუმნის ქუჩას დაუკავშირდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, სადგურის მოედნიდან თამარ მეფის გამზირს და აღმაშენებლის გამზირს დაუკავშირდებიან, ხოლო შემდეგ, დავით ყიფიანის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, 17 იანვარს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში გარკვეული პრობლემები იყო, რადგან კონტრაქტორი კომპანიები, ძალიან ხშირად, ვერ ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც მერიამ პროექტზე მომუშავე ორივე კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.  

კალაძის განმარტებით, სულ რომ პირადად და მის თანამშრომლებს მოუწიოთ მუშაობა, წერეთელზე სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს 

აღსანიშნავია, რომ პირობების დარღვევის გამო, მერიამ ხელშეკრულება შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპს“ და შპს „ერ ტე დეს“ 15 იანვარს შეუწყვიტა. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის წერილების თანახმად, ორივე კომპანიას არაერთი დარღვევა უფიქსირდება: ხელშეკრულებით, კონტრაქტორებს 24-საათიან რეჟიმში უნდა ემუშავათ, რასაც არ ასრულებდნენ, იყო გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენაც. ამასთან ირკვევა, რომ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ შეფასებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ და პროექტთან შეუსაბამოდ მიმდინარეობდა. 

უწყების წერილის თანახმად, „დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და სამსახურის მიერ ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე“. 

17 იანვარსვე თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტზე 4 ახალი კომპანია შეირჩა და ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა. კონტრაქტების ჯამური ღირებულება 17.5 მილიონი ლარია.