LIVE

კალაძე: მთლად ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს

17 იან 202411:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 324
კალაძე: მთლად ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლომდე აღდგება.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე ისაუბრა.

რეაბილიტაციის პროცესში იყო გარკვეული პრობლემები, რადგან კონტრაქტორი კომპანიები, ძალიან ხშირად, ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ამჯერადაც მსგავსი ფაქტი გვქონდა და მოგვიწია, პროექტზე მომუშავე ორივე კომპანიას დავმშვიდობებოდით.

მთლად, რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებსა და თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული და მოძრაობა აღდგენილი და ეს, რა თქმა უნდა, შესრულდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

პირობების დარღვევის გამო, მერიამ ხელშეკრულება ორ კომპანიას, შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპს" და შპს „ერ ტე დეს“ 15 იანვარს შეუწყვიტა. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის წერილების თანახმად, ორივე კომპანიას არაერთი დარღვევა უფიქსირდება: ხელშეკრულებით, კონტრაქტორებს 24-საათიან რეჟიმში უნდა ემუშავათ, რასაც არ ასრულებდნენ, იყო გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენაც. ამასთან ირკვევა, რომ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ შეფასებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ და პროექტთან შეუსაბამოდ მიმდინარეობდა.

უწყების წერილის თანახმად, „დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და სამსახურის მიერ ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე“.

მერია ალტერნატიულ კომპანიებს დაჩქარებული წესით ეძებს. მერიაში აცხადებენ იმასაც, რომ რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არ შეიცვლება.