LIVE

სკინტლის სკანდალი გრძელდება - სააპელაციო სასამართლოში სხდომა ჩაინიშნა

03 ივნ 202517:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 82
სკინტლის სკანდალი გრძელდება - სააპელაციო სასამართლოში სხდომა ჩაინიშნა

4 ივნისს, ოთხშაბათს, სააპელაციო სასამართლოში სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართება. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს - „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და “ყვარლის ბაგა“ თავად იყენებს.

კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ეყრდნობა სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს: 

-ერთი მხრივ, „ჩირინა“ არ იყენებს აღნიშნულ ანტიბიოტიკს, მეორე მხრივ კი, ტეტრაციკლინი არ არის აკრძალული ვეტ-პრეპარატი და კანონით შესაბამისი  გამოყენების წესები გააჩნია.  ის არც კანონდებლობით და  არც ხელშეკრულებით არ ყოფილა აკრძალული ქათმის ნაკელში;

-სასამართლო დაეყრდნო არააკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნას, რაც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია;

-სასამართლომ მტკიცებულებად მიიჩნია ლაბორატორიული კვლევისთვის წესების დარღვევით აღებული ნიმუში, რაც კანონმდებლობის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა;

-„ყვარლის ბაგა“ თავად იყო ვალდებული შეემოწმებინა შესყიდული ნედლეულის უსაფრთხოება ცხოველის საკვების დამზადებამდე და გაეთვალისწინებინა სკინტლით კვების ტექნოლოგიური საკითხები, რაც მის თერმულ დამუშავებას გულისხმობს და ა.შ.;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ჩირინა“ მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება სამართლებრივად და ფაქტობრივად მცდარ შეფასებებს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სამართლიანობის პრინციპებს და კერძო კომპანიების კანონიერი ინტერესების დაცვას. სააპელაციო სასამართლოსგან კომპანია მოელის ობიექტურ და ყოვლისმომცველ, სამართლიან და კანონიერ შეფასებას, რაც უზრუნველყოფს საქმის სამართლიანად გადაწყვეტას.

გაცნობებთ, რომ 4 ივნისს, სააპელაციო სასამართლოსთან, სხდომის დაწყებამდე (13:30 სთ), მედიასთან კომენტარს გააკეთებენ „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე და ადვოკატი გიორგი გეწაძე.