
გლობალურად ერთ-ერთ უმსხვილეს საფონდო ბირჟაზე, NASDAQ-ზე ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის ყაზახური ფინტექკომპანია Kaspi.kz-ის პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) შედგა.
კომპანიის ინვესტორებმა სულ 11.3 მილიონი აქცია გაყიდეს. 1 აქციის (ADS) ფასმა $92 შეადგინა და კომპანიის აქციონერებმა ჯამში $1.04 მილიარდი მიიღეს.
Kaspi.kz ამ დრომდე დალისტული იყო ყაზახეთისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე. NASDAQ-ზე განთავსების მიზანი მისი ლიკვიდურობის და ღირებულების გაზრდაა.
კომპანია ახორციელებს ონლაინ გადახდის, შოპინგისა და პირადი ფინანსების მომსახურებას. Bloomberg-ის თანახმად, Kaspi.kz-ის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში კომპანიის შემოსავალმა $2.83 მილიარდი, წმინდა შემოსავალმა კი $1.27 მილიარდი შეადგინა.
Forbes-ის მილიარდერების რეიტინგის თანახმად, 48 წლის მიხეილ ლომთაძის ქონება ამჟამად $4.5 მილიარდს შეადგენს.