LIVE

იურიდიული დავის შემდეგ, Apple ჭკვიან საათებს სატურაციის საზომი ფუნქციის გარეშე გაყიდის

18 იან 202412:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 473
იურიდიული დავის შემდეგ, Apple ჭკვიან საათებს სატურაციის საზომი ფუნქციის გარეშე გაყიდის

Apple აშშ-ს ბაზარზე ჭკვიანი საათების მე-9 სერიის და Ultra 2-ის მოდელებს სატურაციის საზომი ფუნქციის გარეშე გაყიდის. ცვლილება პატენტის შესახებ სამედიცინო ტექნოლოგიური კომპანია Masimo-სთან იურიდიულ დავას უკავშირდება.

სახეცვლილი მოდელები როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ მაღაზიებში დღეიდან გაიყიდება. ამ მოდელებს სისხლში ჟანგბადის გასაზომი ინსტრუმენტი კვლავ აქვთ, თუმცა სისტემურად უფუნქციოა.

სიახლის გამოცხადების შემდეგ, Masimo-ს აქციები 2,1%-ით გაიზარდა და $122,57-ს მიაღწია, რაც აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ შეეხება მსოფლიოს სხვა ბაზრების პროდუქციას და არც აკრძალვამდე გაყიდულ მოწყობილობებს.

საერთაშორისო სავაჭრო კომისიამ (ITC) ოქტომბერში დაადგინა, რომ Apple-მა გამოიყენა Masimo-ს სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრის ტექნოლოგია. ამის საფუძველზე, Apple-მა საათის მე-9 სერიისა და Ultra 2-ის გაყიდვები ონლაინ მაღაზიებში 21 დეკემბრიდან, ფიზიკურ სივრცეში კი 25 დეკემბრიდან შეაჩერა.

Apple-მა გაყიდვების აკრძალვა ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოში დეკემბრის ბოლოს გაასაჩივრა და საჩივრის განხილვის პერიოდში გაყიდვებზე აკრძალვის მოხსნის შესახებ შუამდგომლობაც წარადგინა. თუმცა პასუხის მიღებამდე, კომპანიამ წინასაახალწლო პერიოდში, ყველაზე დატვირთულ სეზონზე, თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტის გაყიდვები განაახლა.

ამ კვირაში კი სააპელაციო სასამართლომ Apple-ს აცნობა, რომ საჩივრის განხილვის პერიოდში, რომელიც შესაძლოა, 1 წელს ან უფრო მეტხანს გაგრძელდეს, სატურაციის საზომი ფუნქციით ჭკვიან საათებს ვეღარ გაყიდის.

Apple სისხლში ჟანგბადის გაზომვის ფუნქციას 2020 წლიდან იყენებს. პატენტის უფლებების დარღვევის შესახებ სასამართლო დავა Masimo-მ ამავე წელს წამოიწყო, საპასუხოდ, კი Apple-მაც შეიტანა სარჩელი. რამდენიმე წლიანი დავის შემდეგ, საბოლოოდ, სასამართლო დავა Masimo-ს სასარგებლოდ 2023 წელს დასრულდა.