LIVE

თბილისის მერია წერეთლის რეაბილიტაციისთვის ალტერნატიულ კომპანიებს ეძებს

16 იან 202414:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 240
თბილისის მერია წერეთლის რეაბილიტაციისთვის ალტერნატიულ კომპანიებს ეძებს

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე ორი კომპანიის ალტერნატივას დაჩქარებული წესით ეძებს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებთან კონტრაქტის გაწყვეტა ვადებზე არ იმოქმედებს და საგზაო სამუშაოების ნაწილი, გეგმის შესაბამისად, იანვრის ბოლოს დასრულდება.

„როგორც იცით, ხელშეკრულებები შევუწყვიტეთ წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების მიმართულებით მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს. დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, როგორიცაა ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე, იყო  უხარისხოდ  შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევთ შემსრულებელ კომპანიებს და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამაზე მერიისგან არათუ დამატებითი თანხები, განსაზღვრული თანხაც არ გაიცემა იქამდე, ვიდრე ხარვეზიანი სამუშაოები სრულად არ გამოსწორდება.

მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება, გაგრძელდება შეუფერხებლად სამუშაოები და ის ვადა, რომელიც ჩვენ მოსახლეობისთვის ნათქვამი გქვონდა, არ გადაიწევს. იანვრის ბოლოს საგზაო სამუშოები დასრულებული იქნება და მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი. ახლა მიმდინარეობს ბაზრის კვლევის პროცესი და შევარჩევთ კომპანიას, ვინც უმცირეს ფასს დაგვიდებს და დააკმაყოფილებს პირობებს რაც გვაქვს დადგენილი - ხარისხი, ვადები და ასე შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არ შეიცვლება.

პირობების დარღვევის გამო, მერიამ ხელშეკრულება ორ კომპანიას, შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპს" და შპს „ერ ტე დეს“ შეუწყვიტა. კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის წერილები, რომლებიც კომპანიებს დაეგზავნათ, 15 იანვრით თარიღდება. მათში წერია, რომ „დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და სამსახურის მიერ ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე“.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის რეაბილიტაცია, რომელზეც ჯამურად 32 600 000 ლარი იხარჯება, გასული წლის 19 აპრილს დაიწყო და 2024 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს. 2024 წლის ბიუჯეტიდან აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 8 მლნ ლარამდე.