ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა ივ ბერტოსამ Credit Suisse-ის მფლობელი UBS Group-ის წინააღმდეგ ფულის გათეთრების შესახებ გამოძიება შეწყვიტა. ეს გამარჯვებაა UBS Group-სთვის, რომელმაც გასულ წელს კონკურენტი Credit Suisse $3.25 მილიარდად იყიდა და შესაბამისად, Credit Suisse-თან დაკავშირებული დავებიც გადაიბარა.
Bloomberg-ის მიერ 9 იანვარს ნანახი წერილის თანახმად, ბერტოსამ მხარეებს განუცხადა, რომ გამოძიებამ პატრის ლესკოდრონის ან ფირმის სხვა წარმომადგენლის მიერ ფულის გათეთრების მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გამოცემას პროკურატურამ დაუდასტურა.
იქამდე, 2022 წლის ივნისში, იმავე პროკურორმა Credit Suisse $60 მილიონზე მეტის გათეთრებაში დაადანაშაულა. პოზიციის შეცვლამდე, ბერტოსა აცხადებდა, რომ ბანკმა ვერ აღკვეთა 2008-2014 წლებში განხორციელებული რვა ტრანზაქცია, რაც, მისი თქმით, ფულის გათეთრებას ემსახურებოდა.
ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ბრალდებებში ფიგურირებს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაკარგული თანხებიც, რომელთა გამოც ქართველი მილიარდერი ბანკთან რამდენიმეწლიან დავაშია. Credit Suisse-ის ყოფილმა ბანკირმა, პატრის ლესკოდრონმა გააყალბა ხელმოწერები და კლიენტის განცხადებები, რათა სხვა კლიენტების ანგარიშებში მზარდი ზარალის დასაფარად, უკანონოდ გადაერიცხა მილიონები მისი უმსხვილესი კლიენტის, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებიდან. მისი ქმედება თითქმის 10 წლის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა. ლესკოდრონი თაღლითობაში დაადანაშაულეს და 2018 წელს პატიმრობა მიუსაჯეს. 2020 წელს მან თავი მოიკლა.
ივანიშვილის პრესსპიკერის განაცხადებით, მილიარდერი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი განცხადებით, ბერტოსა ახლა "ირწმუნება, რომ ეს დანაშაულები უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ დანაშაულების კონტექსტში", რისთვისაც ლესკოდრონი იყო ნასამართლევი, "და არა ფულის გათეთრების ჭრილში".
თავის მხრივ, შვეიცარიული ბანკი მუდმივად ამტკიცებს, რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა და თავის დანაშაულებრივ საქმიანობას კოლეგებსა და ხელმძღვანელებს არ უმხელდა, მაგრამ ბერმუდის სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა, რომ ბანკმა თვალი დახუჭა მის არასწორ ქმედებებზე.
ივანიშვილს Credit Suisse-სთან დავების მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს.