ფინანსური დანაშაულის საკითხებში ჟენევის პროკურორი ივ ბერტოსა Credit Suisse-ს $60 მილიონზე მეტის გათეთრებაში ადანაშაულებს.
ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ბრალდებებში ფიგურირებს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაკარგული თანხებიც, რომელთა გამოც ქართველი მილიარდერი ბანკთან რამდენიმეწლიან დავაშია.
კერძოდ, თაღლითობის საქმის ცენტრალურმა პერსონამ, პატრის ლესკოდრონმა გააყალბა ხელმოწერები და შექმნა ყალბი პორტფოლიო განცხადებები იმისათვის, რომ უმთავრესად მისი უმსხვილესი კლიენტის, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებიდან უკანონოდ გადაეტანა მილიონები სხვა კლიენტების მზარდი ზარალის დაფარვის მიზნით. შედეგად ლესკოდრონი თაღლითობაში დაადანაშაულეს და და 2018 წელს პატიმრობა მიუსაჯეს.
Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ პირზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ კვირას გამართულ მოსმენაზე პროკურორმა გამოავლინა 2008-2014 წლებში ბანკის მიერ განხორციელებული 8 ტრანზაქციის სერია, რომელიც მისი მტკიცებით, შვეიცარიელი კრედიტორის მიერ ფულის გათეთრებას წარმოადგენდა.
პროკურორმა 8 ივნისს მოსმენაზე აღნიშნა, რომ პატრის ლესკოდრონზე ზედამხედველობის ნაკლებობამ და ბანკის ორგანიზაციული ვალდებულებების შეუსრულებლობამ ფულის გათეთრება შესაძლებელი გახადა.
წყაროს ცნობით, მოსმენაზე ბანკის დირექტორმა ადვოკატის რჩევით, დუმილის უფლება გამოიყენა. ბანკი კითხვებს წერილობით უპასუხებს.
ოფიციალურ საბრალდებო დასკვნას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ აპელაციები შვეიცარიის სასამართლოებში მიმდინარეობს.
შვეიცარიის კანონმდებლობის თანახმად, ბანკი, რომელიც არ ახორციელებს საჭირო მეთვალყურეობას იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს ფულის გათეთრება, შეიძლება თავად დაისაჯოს ფულის გათეთრების გამო. წყაროს თქმით, ბერტოსას მიერ მოხსენიებული ყველა გადარიცხვა განხორციელდა მესამე მხარის ანგარიშზე, რაც თანხის უკანონო წარმომავლობას გაურკვეველს ხდიდა.
Credit Suisse-ი სკანდალში პირდაპირ დადანაშაულებული არასოდეს ყოფილა. თუ ბანკის წინააღმდეგ სრული საბრალდებო დასკვნა იქნება გამოტანილი, ეს იქნება უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც მთავარი კრედიტორის საქმეს შვეიცარიის სასამართლო განიხილავს. წინა შემთხვევა ასევე Credit Suisse-ის წინააღმდეგ იყო.
Credit Suisse-ს 2020 წელს ბრალი წაუყენეს იმის გამო, რომ ვერ აღკვეთა ბულგარელ კოკაინის ტრეფიკიორთან დაკავშირებული ფულის გათეთრების საქმე. ამ საკითხზე ბანკისთვის განაჩენი გამოტანილი ჯერ კიდევ არაა. ბანკი ბრალდებას უარყოფს.
სკანდალებმა CS-ს მიმართ ინვესტორების და მარეგულირებლების ნდობა შეარყია. მისი აქციების ვაჭრობა რეკორდულად დაეცა. მიმდინარე პრობლემების გამო, ის გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ადმინისტრაციამ სათვალთვალო სიაში მოაქცია.
შვეიცარიული ბანკი მუდმივად ამტკიცებს, რომ ლესკოდრონი იყო „მარტოხელა მგელი“, რომელიც თავის დანაშაულებრივ საქმიანობას კოლეგებსა და ხელმძღვანელებს არ უმხელდა.
„2015 წლიდან ბანკის, FINMA-სა და კრიმინალური საგამოძიებო სამსახურების მიერ ჩატარებული ყველა გამოძიება აჩვენებს, რომ ყოფილ მენეჯერს დანაშაულებრივ საქმიანობაში მხარს არ უჭერდა Credit Suisse-ის არც ერთი თანამშრომელი“, - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკვე დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეში ყოფილი ურთიერთობის მენეჯერი ფულის გათეთრებისთვის ნასამართლევი არ ყოფილა.
ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავა აქვს. 2022 წლის 29 მარტს, ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სარჩელი. ბანკმა მილიარდერთან $600-მილიონიანი დავა წააგო.
გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამჯერად შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულს, Green Vals Trust-ს უჩივის და ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
შვეიცარიულმა ბანკმა "ბიზნეს ფორმულასთვის" გამოგზავნილ წერილში CS Victims-ის ბრალდებები უარყო. "Credit Suisse ემსახურება თავის კლიენტებს ყველა მოქმედ კანონისა და რეგულაციასთან დაცვით, შესაბამისი ორგანოების ნებისმიერი სანქციების ჩათვლით", - ნათქვამია CS-ის შეტყობინებაში.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილს ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის გადაადგილების პრობლემა შეექმნა, რაც საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას საეჭვოდ დაემთხვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰუგო მილერი