ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გაგრძელდება, თუ ამას ხელს გარემო პირობები შეუწყობს.
მისი თქმით, ასეთი მოლოდინის საფუძველს არსებული მაჩვენებლები და პროგნოზი ქმნის.
"მომავალშიც, თუკი არ მოხდა რამე მოულოდნელი გარე შოკი ან რისკი, ჩვენ კვლავაც ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას, რა თქმა უნდა, გარემო პირობებზე ძალიან დეტალური დაკვირვებით.
ჩვენი მთავარი მანდატი არის, რომ უზრუნველყოთ ფასების დონის სტაბილურობა და სწორედ აქედან გამომდინარე, ვეყრდნობით ჩვენს ინფლაციის პროგნოზებს. დღეს ეს პროგნოზები და რეალური ვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ ასეთი შემსუბუქება ფრთხილი ნაბიჯებით გავაგრძელოთ", - ამბობს ნათია თურნავა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი დღეს 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირა. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-ს შეადგენს. გადაწყვეტილების საფუძველი მოსალოდნელზე მეტად შემცირებული ინფლაციაა.