LIVE

პოზიტიური ტრენდი შებრუნების რისკით - OECD-ის ანგარიში მიგრაციის ეფექტზე

13 დეკ 202320:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 352
პოზიტიური ტრენდი შებრუნების რისკით - OECD-ის ანგარიში მიგრაციის ეფექტზე
Zurab Kurtsikidze/EPA-EFE/Shutterstock

საქართველომ და სომხეთმა 2022 წელს პოზიტიური მაკროეკონომიკური შოკი განიცადეს - პირველის ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა, ხოლო მეორის - 12.6%-ით, რაც მნიშვნელოვანწილად მიგრანტების დამსახურება იყო,- ნათქვამია OECD-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში

დოკუმენტის თანახმად, ორივე ქვეყანამ მიგრანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღო ძირითადად რუსეთიდან: პირველად ომის დაწყების პერიოდში, ხოლო მეორედ რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციის ტალღასთან ერთად, 2022 წლის შემოდგომაზე. შედეგად, 2022 წლის ბოლოსთვის, საქართველოში დაახლოებით 100 000 რუსი და ბელარუსი მიგრანტი იყო, ხოლო სომხეთში - 55 000, რაც, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის 2.5%-ს და 1.8%-ს შეადგენს.  

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ვინაიდან, ამ მიგრანტთა უმეტესი წილი IT სექტორშია დასაქმებული, საშუალოზე მაღალი ანაზღაურებით, მათ მოკლევადიანად გაზარდეს ქვეყნების შიდა მოთხოვნა, განსაკუთრებით მომსახურების და მშენებლობის სექტორებში. ასევე ხელი შეუწყვეს კაპიტალის შემოდინებას, იმის გათვალისწინებით, რომ საკუთარი დანაზოგები რუსეთიდან ახალ საცხოვრებელ ქვეყანაში გადაიტანეს.

„ამ დროისთვის, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რამდენად მუდმივია ეს რელოკაციები, თუმცა გამოკითხვები მიანიშნებს, რომ მიგრანტების გრძელვადიანი დარჩენა სომხეთში უფრო მეტად სავარაუდოა, ვიდრე საქართველოში, რაც შეიძლება იმით იყოს განპირობებული, რომ რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ სომეხთა რიცხვი უფრო მაღალია",- ნათქვამია ანგარიშში და იქვე ხაზგასმულია, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია მიიღოს სარგებელი ადამიანური კაპიტალის და ტექნოლოგიური უნარების შემოდინების ხარჯზე, რადგან სომხეთსაც და საქართველოსაც მზარდი IT ინდუსტრია გამოარჩევთ. კერძოდ, ქვეყნებს შეუძლიათ გაზარდონ ტექნოლოგიური ინდუსტრია და მეტი ციფრული ცოდნა შეჰმატონ საკუთარ შრომის ბაზარს. გარდა ამისა, დამატებით სერვისები გააჩინონ იმ ფირმებისთვის, ვინც გაციფრულებას ცდილობს.

მიუხედავად იმ პოზიტიური მოკლევადიანი ეკონომიკური ეფექტისა, რაც მიგრანტების შემოდინებას, რუსეთიდან კომპანიების რელოკაციას და გადმომისამართებულ ტვირთებს აქვთ, კვლევის შეფასებით, რისკები თვალსაჩინოა. მათ შორის, გრძელვადიანი კომერციული და ფინანსური კავშირები რუსეთთან და უკრაინასთან - ორივე ქვეყანა ათწლეულის უმწვავესი რეცესიის გზას ადგას, რაც სავაჭრო პარტნიორებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, მნიშვნელოვან რისკებს ქმნის ექსპორტის კლების, ინვესტიციების და ფულადი გზავნილების შემცირების ნაწილში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ თუ ეს რისკები რეალიზდება, მათი განეიტრალება მოკლევადიან პერიოდში მხოლოდ ნაწილობრივ იქნება შესაძლებელი ბაზრების დივერსიფიცირებით - განსაკუთრებით ისეთი ტრადიციული საექსპორტო პროდუქციის ნაწილში, რომელიც მძიმედ დამოკიდებულია რუსეთის მოთხოვნაზე. მათ შორის დასახელებულია ღვინო, სპირტიანი სასმელები და ფერო-სილიკო მანგანუმი (ეს უკანასკნელი უკვე აზარალა რუსეთის ბაზრის ჩაკეტვამ).

ანგარიშის თანახმად, ეს რისკები განსაკუთრებულად თვალსაჩინოა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის და პოზიტიური მაკროეკონომიკური ტრენდი, რაც მიგრანტების შემოდინებამ შექმნა, შესაძლოა, პირიქით შემობრუნდეს მოკლევადიან პერიოდში.  

კერძოდ, სომხეთისთვის და საქართველოსთვის, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შემდგომ პერიოდშიც შენარჩუნდეს რუსეთის მოქალაქეების იმ ტემპით შემოდინება, რამაც 2022 წელს ორივე ეკონომიკის ორნიშნა ზრდა განაპირობა.

„ბევრი მათგანი ამ ორ ქვეყანაში საშუალოვადიანი პერიოდით ჩავიდა, თუმცა მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა, შესაძლოა, უკან დაბრუნება გადაწყვიტოს, თუ მათ სამშობლოში სიტუაცია გამოსწორდება, ან მესამე ქვეყანაში გადაინაცვლოს, თუკი მათი მოლოდინები სომხეთთან და საქართველოსთან დაკავშირებით არ გამართლდა",- ნათქვამია OECD-ის ანგარიშში.