LIVE

საქართველოში წარმოებული პროდუქცია ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გაიყიდა

20 ნოე 202313:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 361

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში წარმოებული პროდუქცია ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გაიყიდა.

10 თვის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველომ რუსეთის ბაზარზე 454 მლნ 854 ათასი აშშ დოლარის ადგილობრივი წარმოების პროდუქტი გაყიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 19.2%-ია.

საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი პარტნიორების სამეული ასე ჩამოყალიბდა: რუსეთი (454 მლნ 854 ათასი აშშ დოლარი), თურქეთი (307 მლნ 257 ათასი აშშ დოლარი) და ჩინეთი (239 მლნ 057 ათასი აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან რუსეთში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა წლიურად 4.3%-ით გაიზარდა, თურქეთსა და ჩინეთში კი შესაბამისად, 12%-იანი და 58.2%-იანი კლება დაფიქსირდა.

ჯამში 10 თვეში ადგილობრივი ექსპორტი 23.3%-ით შემცირდა. 

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა. უფრო დეტალურად, უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციები ადგილობრივ ექსპორტში ასე გამოიყურება:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 445 მლნ 830 ათასი აშშ დოლარი (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.8%);
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 216 მლნ 445 ათასი აშშ დოლარი (9.1%);
  • ფეროშენადნობები - 143 მლნ 275 ათასი აშშ დოლარი (6%).

საქსტატის თანახმად, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტმა (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 მლრდ 102 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.5%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.5% იყო. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 23.3%-ით შემცირდა და 2 მლრდ 372 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.