LIVE

რუსეთმა ქართული ფეროშენადნობებისთვის ბაზარი პრაქტიკულად ჩაკეტა

12 მარ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 930
რუსეთმა ქართული ფეროშენადნობებისთვის ბაზარი პრაქტიკულად ჩაკეტა

რუსეთის ბაზარი ქართული ფეროშენადნობისთვის ფაქტობრივად დაიხურა, ამის მიზეზი რუსეთის მიერ დაწესებული მაღალი საიმპორტო გადასახადია, რის გამოც რუს მეტალურგებს ქართული ნაწარმის შეძენა აღარ უღირთ.

აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა, გამოძიება დაიწყო ქართველი ბიზნესმენების წინააღმდეგ, რომლებიც სილიკო-მანგანუმს აწარმოებენ. მათი განმარტებით, ქართველი ბიზნესმენები დემპინგური ფასებით ყიდდნენ პროდუქტს რუსეთში.

ქართველი მწარმოებლები გამოძიებას და მის შინაარსს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ რუსმა მწარმოებლებმა ბაზარი ქართველ მეწარმეებს გამიზნულად ჩაუკეტეს, რადგან ქართული პროდუქცია ბევრად უფრო მაღალი ხარისხის და მოთხოვნადია.

2023 წლის 23 იანვარს კი უკვე ძალაში შევიდა ანტიდემპინგური გადასახადი, რომელიც მხოლოდ საქართველოს დაუწესდა, ეს ბაჟი დაახლოებით 21.5%-დან 24.5%-მდეა. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კი მაგალითისთვის $1 500 ღირს საექსპორტოდ გამზადებული პროდუქცია, რუსულ ბაზარზე შეტანისას ბაჟი $300 იქნება. შესაბამისად რუს მეტალურგებს აღარ უღირთ ასე ძვირად იყიდონ ქართული სილიკო-მანგანუმი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგივე საიმპორტო გადასახადი 2017 წელს რუსეთმა უკრაინასაც დაუწესა და ამით უკრაინიდან იმპორტი შეწყვიტა. 

როგორც სექტორში აცხადებენ, დარგი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, ერთი მხრივ გამოეთიშათ რუსული - 40%-იანი სარეალიზაციო ბაზარი, ხოლო მეორე მხრივ, მთელ მსოფლიოში სილიკო-მანგანუმზე მოთხოვნაც და ფასიც შემცირებულია.  

"დარგი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, ბოლო ერთი წელია, ბაზარზე მოთხოვნა და ფასი შემცირებულია. წარმოების უმეტესობა გაჩერებულია, ჩვენც ოქტომბრის მერე აღარ ვმუშაობთ, ამ ყველაფერს კი დაემატა რუსეთის მხრიდან კანონის მიღება, რის გამოც პროდუქციას საბაჟო გადასახადი ემატება, თუმცა ვიცოდით, ეს გარდაუვალი იქნებოდა და ვცდილობდით ბაზრის დივერსიფიკაციას, სხვა ბაზრების ათვისებას, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, ახლა ევროპაც გვინდა, მაგრამ ჩვენ სფეროში ეს საკმაოდ რთული და დროში გაწელილი პროცესია," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას შპს "ჯეო ფერო მეტალის" დირექტორი, გიორგი ნოზაძე. 

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ექსპორტზე 460 მლნ დოლარის ღირებულების სილიკო-მანგანუმი გავიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 17 მლნ დოლარით ნაკლებია.