LIVE

მიგრაციის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი დაბალი ხელფასებია - დავით კეშელავა

16 დეკ 202317:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 251
მიგრაციის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი დაბალი ხელფასებია - დავით კეშელავა

სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად მიგრაციაში წასვლას ათიდან ერთი მოქალაქე ფიქრობს,- ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოების აზრის კვლევის შედეგები.

სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მიგრაციის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი, ადგილობრივ ბაზარზე დაბალი ხელფასებია.

როგორც ISET-ის კვლევითი ორგანიზაციის მკვლევარი, დავით კეშელავა "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, სწორედ დაბალი ხელფასებისა და უნარების შეუსაბამობას გამო იღებს.

მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე არსებული გამოწვევების სამართავად დიდ როლს თამაშობს პროფესიული სასწავლებლები, რომელთა პოპულარიზება დღეს ქვეყანაში სათანადოდ არ ხდება.

"უმთავრესი პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს უნარების შეუსაბამობა. ანუ ადამიანები იღებენ განათლებას, ეუფლებიან პროფესიებს თუმცა ამ პროფესიებზე მოთხოვნა დაბალია. ამის პარალელურად, არის პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა მაღალია, მაგრამ შესაბამისი კადრების ნაკლებობაა. პროფესიული სასწავლებლების გაუმჯობესება, პოპულარობის გაზრდა, მათი ჩართულობა ბიზნესთან, საბოლოოდ მოიტანს იმას, რომ კადრების დეფიციტის პრობლემა შემცირდება. მეორე საკითხი არის ის, რომ შრომის ანაზღაურება უცხოეთში არსებულ ბაზართან შედარებით დაბალია, ეს საკითხი კი, მიგრაციის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია",- განაცხადა დავით კეშელავამ.

ცნობისთვის, NDI-ის უახლესი კვლევით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია.