LIVE

გერმანიაში დასაქმების შესაძლებლობა მომხმარებელთა განწყობაზე დადებითად აისახა

22 მარ 202115:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 903
გერმანიაში დასაქმების შესაძლებლობა მომხმარებელთა განწყობაზე დადებითად აისახა

შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად მომხმარებელთა განწყობა უმჯობესდება. ISET-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსმა თებერვალში 2.8 პუნქტიანი ზრდა აჩვენა. გაუმჯობესდა მიმდინარე სიტუაციის და მოლოდინების ინდექსებიც.

ISET მიიჩნევს, რომ მომხმარებელთა განწყობაზე დადებითად აისახა გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობაც, რომლის შესახებ ცნობილი გახდა 11 თებერვალს. თვის ბოლოსთვის უკვე 80,000 ადამიანი იყო დარეგისტრირებული სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველად. სწორედ ამ ფაქტორით აიხსნება ის გარემოება, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანების განწყობა ცოტათი უფრო მეტად გაუმჯობესდა, ვიდრე ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის.

საგულისხმოა ისიც, რომ ქალების განწყობა უფრო მეტად გაუმჯობესდა, ვიდრე კაცების. ეს იმით აიხსნება, რომ ოფისების და საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვამ სახლიდან მუშაობის პარალელურად, ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ქალებს მიაყენა. შესაბამისად, შეზღუდვების ფონზე მათი დატვირთვა გაიზარდა,  ხოლო სკოლებისა და ბაღების გახსნამ ეს დატვირთვა შეამსუბუქა.

მიუხედავად ზედიზედ ორთვიანი გაუმჯობესებისა, მომხმარებელთა განწყობის ინდექსს ჯერაც არ დაბრუნებულა საშუალო მაჩვენებელზე.

გამოკითხულთა თითქმის 52% ამბობს, რომ ბოლო ერთ წელში, ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია მკვეთრად გაუარესებულია, ხოლო 41%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ თვალსაზრისით, გამოკითხულთა 19% ფასების კიდევ უფრო მკვეთრ მატებას ელის მომავალ ერთ წელშიც, ხოლო თითქმის 22% ფიქრობს, რომ ფასები იგივე ტემპით ზრდას გააგრძელებს.