LIVE

კობა გვენეტაძე უზბეკეთში IMF-ის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა

04 დეკ 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 350
კობა გვენეტაძე უზბეკეთში IMF-ის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივი წარმომადგენელი გახდა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული თანამდებობა ნოემბრიდან დაიკავა.

„ცვლილების დროა - ნოემბრის თვიდან ვიკავებ უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას. უზბეკეთი 2017 წლიდან დაადგა ამბიციური რეფორმების გზას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ. შევხვდებით ტაშკენტში!“,- წერს კობა გვენეტაძე.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკში კობა გვენეტაძის 7-წლიანი პრეზიდენტობის ვადა 2 მარტს ამოიწურა. თავდაპირველად, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა. 22 ივნისს კი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე, პირველ ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც თურნავა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი $40-მილიონიანი პროგრამის მიმოხილვის შეჩერება მოჰყვა. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს სავალუტო ფონდი თავიდანვე აკრიტიკებდა. ფონდი ასევე მიიჩნევდა, რომ საკითხზე პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო არ უნდა დაეძლია. IMF-მა მიუთითა, რომ პროცესები სებ-ის დამოუკიდებლობას და სანდოობას აზიანებდა, თუმცა სავალუტო ფონდის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საბოლოოდ კი, სებ-ში "ქართული ოცნების" ინიციატივით შექმნილ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე თურნავა დაინიშნა, რომელიც ამჟამადაც ასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას. საკითხი მოხვდა საქართველოზე ევროკომისიის ანგარიშშიც, სადაც ხაზგასმულია, რომ კობა გვენეტაძის შემცვლელის დანიშვნის სათანადოდ უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია, ინსტიტუციის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის.