LIVE

სამმა სამედიცინო დაწესებულებამ ფსიქოტროპული მედიკამენტის 3457 რეცეპტი უკანონოდ გასცა

02 დეკ 202312:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 243
სამმა სამედიცინო დაწესებულებამ ფსიქოტროპული მედიკამენტის 3457 რეცეპტი უკანონოდ გასცა

ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო, სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

განცხადების თანახმად, სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, “შპს ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის 3“ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები, ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს, უკანონოდ ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ დაწესებულებებში, მხოლოდ მიმდინარე წელს, სამედიცინო ჩვენების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტის 3 457 რეცეპტი გამოწერეს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და საქართველოში გამოწერილი რეცეპტების ჯამური ოდენობის, დაახლოებით 50%-ს შეადგენს.

"აღსანიშნავია, რომ დანიშნულების გაცემისას, არ არის გათვალისწინებული მედიკამენტური მკურნალობის, დოზირების და ხანგრძლივობის პრინციპები. კერძოდ, ექიმი ფსიქოტროპული მედიკამენტის გამოწერას გადაჭარბებული დოზით ახდენდა, რითაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა პაციენტის ჯანმრთელობას. დარღვეული იყო მკურნალობის ყველანაირი პროტოკოლი და გაიდლაინი.
ათასობით პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კლინიკის დირექტორი და სამედიცინო პერსონალი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ, ანგარების მოტივით გამოუსწორებელ ზიანს აყენებდნენ ათასობით პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელს უწყობდნენ ქვეყანაში ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ და უკონტროლოდ მიმოქცევას", - ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სამივე დაწესებულებას ერთი მესაკუთრე და საერთო სამედიცინო პერსონალი ჰყავს. აღნიშნული ამბულატორიების საქმიანობა კი მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტების უკანონოდ გამოწერით შემოიფარგლებოდა.

განცხადების თანახმად, აღნიშნული დაწესებულის 3 ექიმს, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმა. მძიმე გარემოებების გათვალისწინებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ სამივე დაწესებულებას, ხელმძღვანელსა და 3 ექიმს საქმიანობა აუკრძალა.

საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.