LIVE

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია 4 დეკემბერს დაიწყება

01 დეკ 202315:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 2060
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია 4 დეკემბერს დაიწყება

ფერმერებმა, თხილის სუბსიდიის პროგრამით სარგებლობისთვის, 2023 წლის 4 დეკემბრიდან 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით, ბაღები თხილის კადასტრში უნდა დაარეგისტრირონ.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეთხილე ფერმერები, რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში ექნებათ 0.2-დან 3 ჰა-მდე თხილის ბაღი, მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესაძენად, სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500-ლარიან დახმარებას მიიღებენ.  

„თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა სოფლებში ვიზიტები განხორციელდება შესაბამისი გრაფიკით. გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით, განთავსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე, ინფორმაცია  განახლდება ყოველ პარასკევს“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

პროგრამაში ჩართული პირები სუბსიდიას მიიღებენ ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში.

დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადად 2024 წლის 31 აგვისტო განისაზღვრა.