LIVE

Tesla-ს Cybertruck-ის ფასი $60 990-დან იწყება

02 დეკ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 451
Tesla-ს Cybertruck-ის ფასი $60 990-დან იწყება

რამდენიმეწლიანი შეფერხებებისა და წარმოებაში არსებული პრობლემების შემდეგ, Tesla-ს ინოვაციური სატვირთო მანქანა Cybertruck-ი მომხმარებლებისთვის მისაწოდებლად მზადაა

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა გუშინ რამდენიმე მანქანა უკვე გადასცა ახალ მფლობელებს. მათ შორისაა სოციალურ ქსელ Reddit-ის თანადამფუძნებელი ალექსი ოჰანიანი. 

Cybertruck სამი კონფიგურაციით გამოდის. Cybertruck-ის ყველაზე იაფ ვერსიას უკანა წამყვანი თვლები აქვს და $60 990 ეღირება. ის ხელმისაწვდომი 2025 წლიდან იქნება. ეს თანხა 50%-ით მეტია იმ ფასზე, რომელიც მასკმა 2019 წელს გამოაცხადა.

ოთხივე წამყვანი თვალით მოდელი $79 990, ე.წ. Cyberbeast კი $99 990 ეღირება. ორივე მათგანი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მომავალ წელს იქნება.  

"იმაზე ბევრად ძვირია, ვიდრე მეგონა. მათ უნდა გაზარდონ წარმოება იმისათვის, რომ ფასი შემცირდეს და იციან, რომ მომავალ წელს ბევრს ვერ აწარმოებენ. რეალობა ის არის, რომ Cybertruck ჯერ რეალურად არ გამოსულა",- ამბობს Deepwater Asset Management-ის მმართველი პარტნიორი ჯინ მანსტერი.

Cybertruck-ის შესახებ მასკმა პირველად 2019 წელს განაცხადა. მაშინ მილიარდერმა თქვა, რომ ინოვაციური სატვირთო მანქანები ხელმისაწვდომი 2021 წელს იქნებოდა. მას შემდეგ მისი გამოსვლის თარიღი რამდენჯერმე გადაიდო.