LIVE

„ოკტოპუსი“ ბათუმში პირველ ფილიალს ხსნის - კომპანიის გეგმები

27 ნოე 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 374

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ პირველ რეგიონულ ფილიალს დეკემბერში, ბათუმში გახსნის. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, გიორგი ასათიანმა „ღია ეკონომიკის“ ეთერში ისაუბრა.

ბათუმში ფიტნეს კლუბი სავაჭრო ცენტრ Grand Mall-ში გაიხსნება და კომპანიისთვის ეს რიგით მე-4 ფილიალი იქნება.

„ეს იქნება ჩვენთვის ახალი გამოწვევა, რადგან პირველია ფილიალი თბილისის გარეთ. შესაბამისად, შევხედავთ როგორ გაამართლებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ბათუმი იმდენად დინამიკური ქალაქია და არაფერში არ ჩამორჩება თბილისს, რომ ძალიან წარმატებული იქნება „ოკტოპუსი“. 2024 წელს ამის მიხედვით გადავწყვეტთ რა სტრატეგიას მივმართოთ რეგიონული განვითარების მიმართულებით“,- განაცხადა გიორგი ასათიანმა.

მისივე თქმით, ფიტნეს ინდუსტრია საქართველოში ჯერ კიდევ ახალი და აუთვისებელია, თუმცა, მეორე მხრივ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია. ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მაღალი საინვესტიციო ხარჯებია, რაც, საბოლოოდ, მომსახურების ფასზე აისახება. გიორგი ასათიანის თქმით, სავარჯიშო დანადგარები და სხვადასხვა ტიპის ინვენტარი სრულად იმპორტირებულია.

„ხშირად ადარებენ საქართველოსა და უცხოეთის ფიტნეს კლუბების აბონემენტის ფასებს და ყოველთვის აღნიშნავენ, რომ იქ უფრო იაფია. ამის მიზეზი არის ის, რომ ინვესტიციის ნაწილში, ყველაფერი, რაც ახალი კლუბის გასახსნელადაა საჭირო, იმპორტირებულია. შესაბამისად, ინვენტარის განბაჟება, ტრანსპორტირება და დაზღვევა ყველაფერ ამას ფასს უმატებს, განსხვავებით ევროპისგან, სადაც ლოკალურად ხდება მიწოდება“,- აღნიშნა ასათიანმა.

მისი თქმით, წლების წინ კვალიფიციური კადრები ერთ-ერთი გამოწვევა იყო ინდუსტრიისთვის, რადგან ფიტნეს დარბაზში მუშაობა არ იყო მიმზიდველი, თუმცა ტენდენცია შეცვლილია.

„დღეს ეს ყველაფერი ძალიან შეცვლილია. ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამშრომლები გვყავს დასაქმებული. ეს საქმე უკვე პრესტიჟულია, ახალგაზრდები მოდიან და ინტერესდებიან ამ სფეროთი.

საქართველოში არის რამდენიმე სასწავლო სკოლა, სადაც კონკრეტულად პერსონალური ტრენერის პროფესიის შესწავლა ხდება. ისეთი მიმართულებები ისწავლება, როგორებიცაა ანატომია, კვებითი რაციონის შედგენა, სწორი ვარჯიშები, ტრენაჟორებთან მუშაობა და ასე შემდეგ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ასეთ სკოლებთან და მათ კურსდამთავრებულებს სიამოვნებით ვიღებთ ჩვენთან, მას შემდეგ, რაც გაივლიან ინტერვიუს და დამატებით ტესტირებას“,- ამბობს ასათიანი და აღნიშნავს, რომ სამომავლოდ კომპანია მიზნად ისახავს განვითარდეს არა მხოლოდ ახალი ფილიალების გახსნით, არამედ ჯანსაღი კვების მიმართულებითაც.