აშშ-ს ინფორმაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი საბჭო (FTC) ტექნოლოგიური კომპანიებისგან მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გადამუშავების შესახებ ინფორმაციას ითხოვს. კომპანიებს შორის არის Amazon, Facebook და YouTube.
FTC კომპანიებს ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით მოთხოვნების გრძელ ჩამონათვალს უდგენს და აცხადებს, რომ მათ მიერ მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პროცესი „საიდუმლოებით არის მოცული“. კომისია დაინტერესებულია კომპანიების მიერ რეკლამირების და მომხმარებლის ჩართულობის პრაქტიკის საკითხებით, ასევე იმით, თუ რა გავლენას ახდენს ეს პრაქტიკა ბავშვებსა და მოზარდებზე.
„საგანგაშოა, რომ ჩვენ ამ კომპანიების შესახებ ვიცით იმაზე ნაკლები, ვიდრე მათ იციან ჩვენს შესახებ“ - ნათქვამია FTC-ის განცხადებაში.
ეს ნაბიჯი აძლიერებს აშშ-ს ხელისუფლების მიერ ტექნოლოგიურ კომპანიებზე კონტროლს. გასულ კვირას ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის გამო Facebook-ს უჩივლა, მსგავსად იუსტიციის დეპარტამენტისა, რომელმაც მანამდე Google-ს უჩივლა. ვაჭრობის ფედერალური კომისია ასევე სწავლობს ტექნიკური გიგანტების მხრიდან სტარტაპების შესყიდვის კანონიერებას კონკურენციის ჭრილში.
ტექნოლოგიური კომპანიების მიერ მონაცემთა დამუშავების პრაქტიკის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულად Facebook-ისა და Cambridge Analytica-ს სკანდალის შემდეგ გაიზარდა. გასულ წელს სოციალური მედიის გიგანტს 6 მილიონის გადახდა მოუხდა იმის გამო, რომ საკონსულტაციო კომპანია Cambridge Analytica-მ სოციალური ქსელის მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია უკანონოდ მოიპოვა და ბაზას მათი ნებართვის გარეშე იყენებდა წინასაარჩევნო პერიოდში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბენ ბროუდი და დევიდ მაკლაული