PMC კვლევითი ცენტრის ანგარიშის თანახმად, 2010-2020 წლებში საქართველოდან წასული ემიგრანტების მიმღები ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთი ლიდერობდა.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს საქართველოდან რუსეთში 442 000 ემიგრანტი წავიდა, 2015 წელს - 450 000, 2020 წელს კი - 258 000.
2020 წლის მონაცემებით, რუსეთს მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში ჯამში 125 000 ადამიანი წავიდა.
რაც შეეხება წინა წლების მონაცემებს, 2013 წლიდან 2017 წლამდე ემიგრაციული ნაკადი საქართველოდან 6%-ით, 85 000 ადამიანამდე შემცირდა. ამ პერიოდში საშუალოდ მიგრაციული სალდო (იმიგრანტების რაოდენობისა და ემიგრანტების რაოდენობის სხვაობა) -7 000 იყო.
2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადები გაიზარდა და 2019 წელს 105 000-ს მიაღწია. ანგარიშის მიხედვით, სხვა ფაქტორებთან ერთად, 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადის ზრდა, შესაძლოა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წელს დადებულმა სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმებამ განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ ემიგრაციული ნაკადი 74 000-მდე შემცირდა 2020 წელს, რაც პანდემიას უკავშირდება. თუმცა 2022 წელს მკვეთრად გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.
„2020 წელს, COVID-19-ის პანდემიისა და მოგზაურობის შეზღუდვების გამო ემიგრაციული ნაკადი 74 000-მდე შემცირდა, მიგრაციულმა სალდომ კი 16 000 შეადგინა. თუმცა 2021 წელს ემიგრაციული ნაკადი 100 000 ადამიანამდე გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალი უარყოფითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (-26 000).
2022 წელს ემიგრაციული ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 125 000 ადამიანს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მიგრაციული სალდოც მნიშვნელოვნად გაიზარდა - 55 000 ადამიანამდე. რაც ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალი დადებითი მაჩვენებელი იყო. 2022 წელს მიგრაციული სალდოს ზრდა რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. კერძოდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბევრმა რუსმა, ბელარუსმა, უკრაინელმა და რუსეთსა და უკრაინაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ გადაწყვიტა საქართველოში გადმოსვლა.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ გასულ ათწლეულში საშუალო ემიგრაციულმა ნაკადმა 97 000 შეადგინა, ხოლო მიგრაციულმა სალდომ 300 ადამიანი. თუმცა, თუ გამოვრიცხავთ ფორსმაჟორულ მოვლენებს (COVID-19-ის პანდემიასა და უკრაინაში მიმდინარე ომს), საშუალო მიგრაციული სალდო -7 000“, - აღნიშნულია ანგარიშში.
PMC კვლევითი ცენტრის შეფასებით, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების ჯამური რაოდენობა 17%-ით შემცირდა და 669 000 ადამიანი შეადგინა. 2020 წლის მაჩვენებლით საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების ჯამური რაოდენობა, ქვეყნის მოსახლეობის 18%-ს შეადგენდა.