LIVE

კონკურენციის სააგენტო "რუსთავის ავტობაზრობის" ფასების სამართლიანობას იკვლევს

21 ნოე 202311:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 374
კონკურენციის სააგენტო "რუსთავის ავტობაზრობის" ფასების სამართლიანობას იკვლევს

"რუსთავის ავტობაზრობის" მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეისწავლის

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოკვლევა ავტოიმპორტიორი კერძო პირების საჩივრის საფუძველზე დაიწყო. მათ სააგენტოს ბაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, არასამართლიანად მაღალი ფასის შესწავლის მიზნით მიმართეს.

განცხადების თანახმად, კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა კიდევ ერთ საკითხზე - საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის მიმართულებით არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო შემთხვევაზე დაიწყო. საუბარია საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის სფეროში მოქმედი სუბიექტის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის სავარაუდო მითვისების ფაქტზე.

უწყება განმარტავს, რომ კონკურენციის ხელშეწყობის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფები, რომელსაც საკითხების შესწავლა დაევალა.

2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 5 მოკვლევა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვების მიმართულებით. 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 3 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ამავე პერიოდში, 6 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ დროსთვის, სააგენტო 5 საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს.