LIVE

$2 მილიარდიანი ბრუნვით რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია

20 ნოე 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 342
$2 მილიარდიანი ბრუნვით რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი იყო (2 მლრდ 463 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიცია დაიკავა რუსეთმა (2 მლრდ 040 მლნ აშშ დოლარი) მესამე კი - აშშ-მ (1 მლრდ 666 მლნ აშშ დოლარი).

10 თვეში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 4.6%-ით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 11.7% შეადგინა. საქართველომ რუსული პროდუქციის იმპორტში 1 მლრდ 481 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა. იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან ადგილობრივ ბაზარზე დიდი რაოდენობით შემდეგი დასახელების პროდუქცია შემოვიდა:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
  • ხორბალი და მესლინი;
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე.

რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-ოქტომბერში, რუსეთში ექსპორტი წლიურად 7.3%-ით, 558 მლნ 956 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11% იყო. საქართველომ რუსეთის ბაზარზე დიდი რაოდენობით გაყიდა:

  • ყურძნის ნატურალური ღვინო;
  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
  • მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით;
  • სპირტიანი სასმელები.

იანვარ-ოქტომბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (713.5 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (657.5 მლნ აშშ დოლარი) და ყაზახეთი (579.9 მლნ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 მლრდ 762 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.5%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები 450.9 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.8%), ხოლო მესამე ადგილზე - ყურძნის ნატურალური ღვინოები 217.3 მლნ აშშ დოლარით (4.3%).

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის სამეულში ლიდერობდა თურქეთი (2 მლრდ 104 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ იყო აშშ (1 მლრდ 591 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (1 მლრდ 481 მლნ აშშ დოლარი).

10 თვეში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში პირველი პოზიცია მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რომლის იმპორტმა 2 მლრდ 590 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.4% შეადგინა. მეორე ადგილზე იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტები 928.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%), ხოლო მესამეზე - დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 445.2 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 3.5%).

საქსტატის თანახმად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ექსპორტზე 5 მლრდ 102 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

10 თვეში, იმპორტი წლიურად 17.8%-ით გაიზარდა და 12 მლრდ 683 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

შესაბამისად, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 მლრდ 785 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.2%-ით მეტია.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-ოქტომბერში 7 მლრდ 581 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6%-ია.