LIVE

თანამშრომლებისთვის მოქნილი პირობების შეთავაზება კომპანიების შემოსავლებს ზრდის - კვლევა

19 ნოე 202314:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 581
თანამშრომლებისთვის მოქნილი პირობების შეთავაზება კომპანიების შემოსავლებს ზრდის - კვლევა

იმ კომპანიების შემოსვლები, რომლებიც თანამშრომლებს მოქნილ სამუშაო პირობებს სთავაზობენ, 4-ჯერ მეტია, ვიდრე მათი, ვინც პერსონალის ოფისიდან მუშაობას მკაცრად მოითხოვს. ამის შესახებ ერთობლივ კვლევას საკონსულტაციო კომპანია Scoop Technologies და Boston Consulting Group-ი აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, კომპანიებმა, რომლებიც სრულად დისტანციურად მუშაობენ ან თანამშრომლებს არჩევანის თავისუფლებას აძლევენ, შემოსავლები 2020 წლიდან 2022 წლამდე 21%-ით გაზარდეს. მეორე მხრივ, 5%-იანი ზრდა აქვთ იმ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომელთა მუშაობას ოფისიდან მოითხოვენ ან ჰიბრიდულ სამუშაო განრიგს თავად აწესებენ.

Scoop-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, რობ სედოუს თქმით, დისტანციური მუშაობის მხარდამჭერ კომპანიებში დასაქმებულთა გეოგრაფიული არეალი ბევრად უფრო ფართოა, უფრო სწრაფად და მარტივად ხდება თანამშრომელთა აყვანა და შენარჩუნების მაჩვენებელიც ბევრად მაღალია. მისი თქმით, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს ასეთი კომპანიების წარმატებას.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ კომპანიებში, სადაც გარკვეული დღეებში საჭიროა ოფისიდან მუშაობა, უმეტეს შემთხვევაში კვირაში 2-3 დღე სრულებით საკმარისია, 4-დღიან სამუშაო კვირას კი მხოლოდ 6% საჭიროებს. ექსპერტების აზრით, კომპანიებში საუკეთესო პრაქტიკაა ცალკეული გუნდებისთვის ავტონომიის მინიჭება სამუშაო დროსა და ადგილის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების ნაწილში. მათი თქმით, ნაკლებ ეფექტურია ხელმძღვანელების მიერ განსაზღვრული დასწრების პოლიტიკა.

გამოკითხვა სხვადასხვა სფეროს 554 საჯარო კომპანიაში ჩატარდა, რომლებიც ჯამში 26,7 მილიონ ადამიანს ასაქმებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბის კვლევა ერთ-ერთი პირველია, რომელიც აჩვენებს თუ როგორ მოქმედებს კომპანიის შემოსავლებზე დასაქმების სხვადასხვა ტიპის შეთანხმება.