LIVE

ბრეგაძის განცხადებით, არაკეთილსინდისიერი დამქირავებლის ბინიდან გამოსახლება გამარტივდება

17 ნოე 202318:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 539
ბრეგაძის განცხადებით, არაკეთილსინდისიერი დამქირავებლის ბინიდან გამოსახლება გამარტივდება

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მესაკუთრეს, არაკეთილსინდისიერი დამქირავებლის ბინიდან გამოსახლება გაუმარტივდება, ამისათვის კი საჭიროა, ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს. 

პარლამენტში, „მინისტრის საათის ფორმატში“ გამოსვლისას ბრეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზადაა და საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.  

„გიდასტურებთ, რომ ქირით შესული ადამიანების ბინებიდან უკან გამოყვანა, ძალიან დიდი პრობლემაა. კერძოდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ბინა გააქირავა და მოქირავნე აღარ გამოდის. ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. შესაბამისად, როდესაც მესაკუთრეს ბინის ქირის ფულს არ უხდიან და არც იქიდან გამოდიან, ეს არის პრობლემა, რომელიც საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას უკავშირდება. შემდეგ იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც შესაძლოა, 1 წელიც გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს საკუთრების უფლება შეზღუდული აქვს, რაც ყოვლად დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ გაცნობოთ ინიციატივის შესახებ, რომელიც შევიმუშავეთ. კერძოდ, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა, ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს, სადაც მითითებული იქნება, რომ თუ მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას, არ გადაიხდის თანხას, მას აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრის უფლებები დაცული იქნება. ეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოხდება და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებულები. თუ კი მხარეები გადაწყვეტენ, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულება გააფორმონ და დაარეგისტრირონ საჯარო რეესტრში, ისინი დაცულები იქნებიან და მათი საკუთრების უფლება ქმედითად რეალიზებული იქნება. ეს ინიციატივა გვაქვს და ცოტა ხანში საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ. რა თქმა უნდა, მადლიერები ვიქნებით, თუ თქვენი მხარდაჭერა გვექნება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.