ნავთობის ფასი დღეს დამატებით დაახლოებით 2%-ით გაიზარდა და ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა $81.43-ს, WTI-ს ფასმა კი $77.17-ს მიაღწია.
გაძვირების მიუხედავად, ნავთობის ფასი, მიმდინარე კვირის დასაწყისთან შედარებით, დაბალია. 6 ნოემბერს ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $86-ს, ხოლო WTI-ს ფასი $82-ს აღემატებოდა.
ნავთობის ფასის უახლეს ზრდას წინ უძღოდა ერაყის განცხადება, რომ ის, ნავთობის წარმოებასთან დაკავშირებით, OPEC+-ის გადაწყვეტილების ერთგულია.
ამასთან, საუდის არაბეთმა და რუსეთმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ ნავთობის წარმოების შემცირების გადაწყვეტილებას ძალაში წლის ბოლომდე ტოვებენ.
გასული თვეების განმავლობაში, რუსეთმა და საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირეს. ივლისის შემდეგ საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება დღეში 1 მილიონი ბარელით შეამცირა, რის შემდეგაც ნავთობის ფასები 20%-ით გაიზარდა და ბარელზე $90-ს გადააჭარბა.
რუსეთი და საუდის არაბეთი ნავთობის პოლიტიკას ყოველთვიურად განიხილავენ.
OPEC+-ის ქვეყნები, რომელთა შორის რუსეთიცაა, მომდევნო შეხვედრას ვენაში 26 ნოემბერს გეგმავენ. ანალიტიკოსები ელიან, რომ საუდის არაბეთმა შეზღუდვა შესაძლოა, 2024 წლის პირველ კვარტალშიც გააგრძელოს. ამასთან, თუ ნავთობი გაიაფდება, მოსალოდნელია, რომ OPEC+ ნავთობის წარმოებას კიდევ უფრო შეამცირებს.