LIVE

ავტომობილის გამონაბოლქვის ნორმაზე გადაჭარბებისთვის, 2 თვეში, 1 839 ჯარიმა გამოიწერა

07 ნოე 202314:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 333
ავტომობილის გამონაბოლქვის ნორმაზე გადაჭარბებისთვის, 2 თვეში, 1 839 ჯარიმა გამოიწერა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 4 სექტემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 1 839 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს. 

უწყების განმარტებით, დეპარტამენტის თანამშრომლები 2 თვის განმავლობაში ავტოსატრანსპორტი საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტის მოძრავმა ეკიპაჟებმა ყველაზე მეტი - 803 დარღვევა თბილისში დააფიქსირეს, 407 - ქუთაისში, 358 - ბათუმში, 271 კი - რუსთავში.

„1 839 საჯარიმო ქვითრიდან 1 544 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე ფიქსირდება, 295 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1 009 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების, ხოლო 830 - სატვირთო და მიკროავტობუსის ტიპის ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. 

შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, ხოლო მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1 500 და 3 000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით უმცირდება.