LIVE

მერია თბილისის ნაგავსაყრელი პოლიგონისთვის ალტერნატიული ადგილის მოძებნას იწყებს

01 ნოე 202312:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 275
მერია თბილისის ნაგავსაყრელი პოლიგონისთვის ალტერნატიული ადგილის მოძებნას იწყებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე დაგეგმილი პროექტების განხორციელების პარალელურად, მერია თბილისის ნაგავსაყრელისთვის ალტერნატიული ადგილის მოძებნას იწყებს.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ მის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, რომ მოძებნოს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები, რომლებიც მუნიციპალიტეტს შესაბამისი ტერიტორიის შერჩევაში დაეხმარებიან და ჩაატარებენ ყველა საჭირო პირველად კვლევას.

„დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა.

კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ამ პროექტების განხორციელებით ნაგავსაყრელი სრულად მოწესრიგდება. ის მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს ნაგავსაყრელზე, მიუღებელია. ასევე, მიუღებელია მისი ამ ფორმით შენარჩუნება.

მინდა, მადლობა გადავუხადო EBRD-ს თანამშრომლობისთვის, მათი ექსპერტების ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდება აღნიშნული პროექტი, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება, თუმცა ამის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ თბილისის ნაგავსაყრელი პოლიგონისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიება. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას, მოიძიოთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები, რომლებიც დაგვეხმარებიან შესაბამისი ტერიტორიის შერჩევაში და ჩაატარებენ ყველა საჭირო პირველად კვლევას“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

დედაქალაქის მერის თქმით, ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით ევროპის განვითარებულ ქვეყნებსაც იგივე პრობლემები ჰქონდათ, რაც დღეს თბილისშია, თუმცა დროთა განმავლობაში განხორციელდა თანამედროვე პროექტები, რომლებმაც ვითარება სრულად შეცვალა. კალაძის განმარტებით, თბილისი აღნიშნულ გამოცდილებას გაიზიარებს და დედაქალაქს თანამედროვე სტანდარტების, მოწესრიგებული ნაგავსაყრელი ექნება.