LIVE

ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა 30%-ით მოიმატა

30 ოქტ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 290
ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა 30%-ით მოიმატა

ისრაელ-ჰამასს შორის დაპირისპირების ესკალაციის ფონზე ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები იზრდება. უახლესი მონაცემებით, დეკემბრის ფიუჩერსები 7.1%-ით გაიზარდა. ომის დაწყების შემდეგ კი, გაზის ფასი 3 კვირაში 30%-ით არის გაზრდილი.

ფასის ბოლო ცვლილება ისრაელიდან ეგვიპტეში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას უკავშირდება. ამან წარმოქმნა გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გაზრდის ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანა ევროპაში გაზის ტანკერებით ექსპორტს. ეგვიპტე საკუთარ რესურსთან ერთად ისრაელიდან იმპორტირებულ გაზს იყენებს შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და თხევადი გაზის ქარხნების მეშვეობით, საწვავის ექსპორტზე გასატანად. თუმცა ზაფხულში მაღალი შიდა მოთხოვნის გამო გადაზიდვა შეფერხდა.

თავად ევროპა, მართალია, ნაკლებადაა დამოკიდებული ეგვიპტიდან შემოტანილ თხევად გაზზე, თუმცა ახლო აღმოსავლეთში გაზრდილი შეფერხებები სერიოზულ რისკს უქმნის ენერგეტიკულ ბაზარს. ჰორმუზის სრუტე, რომლის ნაპირებზე ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ომანის ტერიტორიებია, ნედლი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

”გაზის ფასის მკვეთრი ზრდა მიწოდების შესახებ შეშფოთებამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტიდან მიწოდების შეფერხება რეალურია, ბაზარი ასევე ცდილობს შეაფასოს იმ რისკების მასშტაბი, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლით მიწოდების უფრო დიდი შეფერხებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ამჟამად, ვფიქრობთ, რომ ეს რისკები ლიმიტირებულია”,- თქვა ოლე სლოტ ჰანსენმა, Saxo Bank A/S-ის საქონლის სტრატეგიის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ ევროპა ყველა შესაძლო წყაროდან ცდილობს თხევადი გაზის იმპორტს, რათა დააბალანსოს რუსეთის მიერ  მიწოდების შეწყვეტით გამოწვეული დანაკლისი.