LIVE

Toyota-მ რეკორდული რაოდენობის - 5.6 მლნ ავტომობილი გაყიდა

04 ნოე 202318:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 310
Toyota-მ რეკორდული რაოდენობის - 5.6 მლნ ავტომობილი გაყიდა

Toyota Motor-ის გლობალური გაყიდვები აპრილი-სექტემბრის პერიოდში წლიურად 8.3%-ით, გაიზარდა და რეკორდული 5 596 183 მანქანა შეადგინა. მხოლოდ სექტემბერში ავტომწარმოებლის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.5%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება წარმოებას, იაპონური ავტომწარმოებლის ცნობით, ფისკალური წლის პირველ ნახევარში გლობალურად 10%-ით გაიზარდა და 5 738 126 ერთეულს მიაღწია. კომპანიის თქმით, გაზრდილია Toyota-ს შვილობილი Daihatsu Motor-ისა და Hino Motors-ის წარმოებაც.

ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, Toyota-სა და Lexus-ის მანქანების გაყიდვები ყველაზე მეტად, 22%-ით აფრიკაში გაიზარდა. მას მოსდევს ახლო აღმოსავლეთი 17%-ით, ჩრდილოეთ ამერიკა 9.4%-ით და ევროპა 7%-ით.

აღსანიშნავია, რომ გაყიდვები აზიის ზოგიერთ ნაწილში, იაპონიის გამოკლებით, შედარებით დაბალი იყო. ეს გამოწვეულია ეკონომიკის შენელებული ზრდით, მაგალითად ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ტაილანდი და ინდონეზია. 1%-ზე ნაკლები იყო გაყიდვები ჩინეთში, რომლის ბაზარი უფრო და უფრო აქტიურად გადადის ელექტრომობილებზე. თუმცა ჩინეთში წლევანდელი შენელება, შარშანდელი მაღალი გაყიდვებით იყო გამოწვეული, რაც თავის მხრივ, მთავრობის სტიმულირების ზომების დამსახურება იყო.

Toyota-ს გაყიდვები მშობლიურ ქვეყანაში 34%-ით გაიზარდა, რაც ჩიპების მიწოდების პრობლემის შემსუბუქების დამსახურებაა. ხოლო რაც შეეხება ელექტრომობილებს, Toyota-მ ექვსთვიან პერიოდში 1 825 965 ერთეული გაყიდა, რაც 38%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.

შედარებისთვის, კონკურენტი Honda Motor-ის გლობალური წარმოება 6%-ით, ხოლო გაყიდვები 7.5%-ით არის გაზრდილი. Nissan Motor-ის შემთხვევაში, წარმოება მხოლოდ 2.8%-ითაა მომატებული, გაყიდვები კი 5.5%-ით. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ორივე მწარმოებლის გაყიდვები იკლებს.