LIVE

IEA: მსოფლიოს სუფთა ენერგიაზე გადასვლა შეუქცევადი პროცესია

28 ოქტ 202316:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 414
IEA: მსოფლიოს სუფთა ენერგიაზე გადასვლა შეუქცევადი პროცესია

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოს განახლებადი ენერგიის მოხმარებაზე გადასვლა „შეუჩერებელი“ პროცესია. სააგენტოს გათვლებით, 2030 წლისთვის მსოფლიოს ელექტროენერგიის ნახევარზე მეტი სწორედ სუფთა ენერგიისგან იქნება გენერირებული.

თუმცა კვლევა ხაზს უსვამს, რომ ბუნებრივი წიაღისეულის ენერგიის მოხმარება საკმარისად სწრაფად არ მცირდება. სათბური აირების ემისიები ჯერ კიდევ ძალიან მაღალია იმისთვის, რომ მსოფლიო ტემპერატურის ზრდა სამიზნე 1.5C-ს არ გასცდეს. კვლევის თანახმად, ნავთობი და გაზი მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი კვლავ იქნება, თუმცა, საგრძნობი შედეგების მისაღწევად, წიაღისეულ საწვავის ინვესტიციები უნდა განახევრდეს.

ენერგეტიკული სააგენტოს ანგარიში ეხმიანება ქვეყნების მიერ განახლებადი ენერგიის მოხმარების ზრდასა და პროგრესს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ სუფთა ენერგიისა და მასზე დაფუძნებული ტექნოლოგიების ზრდა „შთამბეჭდავი“ იყო. თუ მაგალითად, 2020 წელს გაყიდული 25 ავტომობილიდან ელექტრო მხოლოდ ერთი იყო, 3 წლის შემდეგ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ასეთი ყოველი მეხუთეა. 

IEA-ს ანგარიში  ეხმიანება ახლო აღმოსავლეთის მოვლენებსაც. სააგენტოს თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას მოახდენს მზარდი დაძაბულობა მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე. თუმცა იძლევა გაფრთხილებას, რომ გაურკვევლობა კიდევ უფრო გაიზრდება ისედაც არათანაბარ გლობალურ ეკონომიკაში, სადაც ირანი და საუდის არაბეთი მსოფლიო ნავთობის მარაგების 67%-ს ფლობენ.

მოხსენებაში პარალელია გავლებული 1973 წლის ნავთობის კრიზისთან, რომელიც იომ-ქიფურის ომს ახლდა თან. მაშინ არაბულმა ნავთობის მწარმოებელმა ქვეყნებმა ისრაელს, დასავლეთის მხარდაჭერის საპასუხოდ, ემბარგო დაუწესეს. შედეგად, გაიზარდა ფასები ბენზინზე, რასაც ინფლაცია და უმუშევრობის მაღალი დონე მოჰყვა.

IEA-ს თქმით, მსოფლიო არასტაბილურ გაზის ფასებსაც უმკლავდება. თუმცა სააგენტო იმედოვნებს, რომ მზისა და ქარის ენერგიის გაფართოება, ენერგოსექტორის ცვალებადი ბაზრისთვის გრძელვადიანი გამოსავალი იქნება სტაბილურობის შესანარჩუნებლად.