LIVE

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა

25 ოქტ 202312:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 678

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა.  

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 10%-ზე შენარჩუნების შედეგად, 186 415 მომხმარებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება. 1 სექტემბრის მდგომარეობით, სწორედ ამდენი სესხია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე. 

მარეგულირებლის შეფასებით, საქართველოში დაბალი ინფლაციაა, რასაც ერთი მხრივ, პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ფასებზე ზეწოლის შესუსტება განაპირობებს. მეორე მხრივ კი, ინფლაციის შემცირებას ხელს უწყობს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, საქართველოში წარმოებული საქონლის კლებადი ინფლაცია.

„საქართველოში ინფლაცია კვლავ დაბალია და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. მიმდინარე წლის სექტემბერში მთლიანი ინფლაცია 0.7%, ხოლო საბაზო ინფლაცია 2.5% იყო. დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ფასებზე ზეწოლის შესუსტება განაპირობებს. მეორე მხრივ, ინფლაციის კლებას ხელს უწყობს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივად წარმოებული საქონლის კლებადი ინფლაციაც, რომელიც სექტემბერში 5.3%-ს გაუტოლდა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3%-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება.

აღნიშნული პროგნოზის პარალელურად, მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გლობალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს. არსებულ შოკებს დაემატა, გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ახალი ფაქტორი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით. ბოლო პერიოდში, საწვავის ბაზარზე ტენდენციებიც გარკვეულწილად გაუარესდა, როგორც, ფასების, ასევე მიწოდების არასტაბილურობის თვალსაზრისით. ამ რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციებიც საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს მოთხოვნა კვლავ ძლიერია და მოსალოდნელია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ბოლო თვეების მანძილზე სესხების ზრდის ტემპიც შედარებით დაჩქარდა, რისი ძირითადი წყაროც გაზრდილი ბიზნეს სესხებია, უმეტესწილად უცხოურ ვალუტაში. საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობის დაჩქარებით გამოწვეული ძლიერი ერთობლივი მოთხოვნა, როგორც წესი, დამატებით ინფლაციურ რისკს შეიცავს“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

სებ-ის შეფასებით, მაღალი გაურკვევლობისა და არსებული რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებაზე კონცენტრირებული რჩება და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს.

„ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს. ჯერ კიდევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში უცხოური ვალუტის მხარეს გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებების ერთობლიობა გვეხმარება დაკრედიტების ზომიერი ტემპის შენარჩუნებაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ზემოთ აღნიშნულ ინფლაციურ რისკებს“, - აცხადებენ სებ-ში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.