საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოდან რუსეთში მხოლოდ 26 მსუბუქი ავტომობილი ($304 ათასის ღირებულების) გაიყიდა, რაც მკვეთრად შემცირებული მაჩვენებელია და დასავლეთის სანქციების ეფექტით აიხსნება.
3 აგვისტოს აშშ-დან, 26 სექტემბერს კი ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტი/რეექსპორტი აიკრძალა.
სანქციების შედეგად, უკვე აგვისტოს მონაცემებში შესამჩნევი გახდა მკვეთრი შემცირება. აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ამოქმედებამდე პერიოდში - ივლისში რუსეთში ექსპორტზე 1 054 მანქანა გავიდა ($13.3 მილიონის). თუ ივლისში რუსეთი საქართველოს მიერ გაყიდული მანქანების რაოდენობით, ქვეყნების ჩამონათვალში მე-5 ადგილს იკავებდა, აგვისტოში 85 ერთეული ავტომობილით ($781 ათასი) მე-8 ადგილზე ჩამოქვეითდა, სექტემბერში კი მე-13 პოზიციაზე გადაინაცვლა. კლების ტენდენციით ხასიათდება ექსპორტი ბელარუსშიც.
სექტემბერში საქართველოდან სულ 9 822 მანქანა გავიდა ექსპორტზე, მიღებულმა შემოსავალმა კი $197 მილიონს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ექსპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება შუა აზიის ქვეყნებში. მაგალითად, გასულ თვეს საქართველოდან ყირგიზეთში 2 139 ერთეული $71,4 მილიონის ღირებულების, ყაზახეთში კი $67,8 მილიონის 4 849 ერთეული ავტომობილი გაიყიდა.
მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტზე ჯამში 1 მილიარდ 566 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც წლიურად 164%-იანი ზრდაა.