LIVE

LinkedIn-ი 668 თანამშრომელს ათავისუფლებს - კომპანია კადრებს წელს უკვე მეორედ ამცირებს

17 ოქტ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 289
LinkedIn-ი 668 თანამშრომელს ათავისუფლებს - კომპანია კადრებს წელს უკვე მეორედ ამცირებს

LinkedIn-ი კადრებს წელს უკვე მეორედ ამცირებს. კომპანიამ, რომელსაც Microsoft-ი ფლობს, განაცხადა, რომ 668 თანამშრომელს საინჟინრო, საფინანსო და ადამიანური რესურსების გუნდებიდან გაათავისუფლებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, გადაწყვეტილება შემოსავლების შემცირებას უკავშირდება.

2023 ფისკალური წლის მეოთხე კვარტალში LinkedIn-ის შემოსავალმა, წინა კვარტლის 10%-იან ზრდასთან შედარებით, 5%-ით მოიმატა. კომპანიის გადაწყვეტილება კომპანიაში დასაქმებული 20,000 ადამიანიდან 3%-ზე მეტს შეეხება. მაისში LinkedIn-მა 716 თანამშრომელი გაყიდვების, ოპერაციებისა და მხარდაჭერის დეპარტამენტებიდან გაათავისუფლა.

„რამდენადაც ჩვენი ორგანიზაციული სტრუქტურის ადაპტირებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამარტივებას ვცდილობთ, იმდენადაც მომავლის სტრატეგიულ პრიორიტეტებში განვაგრძობთ ინვესტირებას“,- განაცხადეს კომპანიაში.

ბუნდოვანი ეკონომიკური პერსპექტივის ფონზე, წელს არაერთმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ შეამცირა თანამშრომლები. დასაქმების კომპანიის Challenger, Grey & Christmas-ის თანახმად, წლის პირველ ნახევარში ტექნოლოგიურმა სექტორმა 141 516 თანამშრომელი გაათავისუფლა, გასული წლის დაახლოებით 6 000-თან შედარებით.

LinkedIn შემოსავალს რეკლამებითა და გამომწერთა გადასახადებით იღებს, რომლებიც პლატფორმას ერთი მხრივ, პოზიციისთვის შესაფერისი კანდიდატის მოსაძებნად, მეორე მხრივ კი დასაქმებისთვის იყენებენ.