LIVE

როგორ მუშაობენ საერთაშორისო კომპანიები ისრაელში ჰამასის თავდასხმის შემდეგ?

11 ოქტ 202314:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 305
როგორ მუშაობენ საერთაშორისო კომპანიები ისრაელში ჰამასის თავდასხმის შემდეგ?

ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ფონზე, ისრაელში რამდენიმე გლობალურმა კომპანიამ დროებით შეაჩერა ოპერაციები ან თანამშრომლებს სახლიდან მუშაობა სთხოვა

უფრო დეტალურად, საერთაშორისო კომპანიები შემდეგი პრინციპით აგრძელებენ ქვეყანაში მუშაობას:

რამდენიმე აზიურმა, ევროპულმა და ამერიკულმა ავიაკომპანიამ თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შეაჩერა. ასეთებს შორისაა: Air France, Wizz Air-ი, Ryanair-ი, Lufthansa და სხვა ევროპული ავიახაზები. ზოგიერთმა კომპანიამ ფრენები მხოლოდ რამდენიმე დღით, ზოგმა კი, მოვლენების შემდგომი განვითარების შესაბამისად გააუქმა. ამერიკულმა ავიაკომპანიამ Delta Air Lines-მა თელ-ავივის მიმართულებით ოპერირება 31 ოქტომბრამდე შეაჩერა. ისრაელის ავიახაზები El AL-ი კი, რეზერვისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად ფრენების დამატებას აპირებს, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო მობილიზაციის ფონზე.

ნავთობის გიგანტმა Chevron-მა ისრაელის ენერგეტიკის სამინისტროსგან მიიღო ინსტრუქცია, ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროს ბუნებრივი აირის საბადო Tamar-ი დახუროს.

საბანკო სექტორში ამერიკულმა JPMorgan Chase-მა, Morgan Stanley-მ და Goldman Sachs-მა თავიანთ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობა სთხოვა. Bank of America-ს თელ-ავივის ოფისი ამ დროისთვის დახურულია, თუმცა კომპანია განაგრძობს ადგილობრივ ვითარების მონიტორინგს. კიდევ ერთმა ამერიკულმა ბანკმა, Citigroup-მა, რომელსაც ჩამოთვლილ კომპანიებს შორის ყველაზე დიდი წარმომადგენლობა აქვს ისრაელში, თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის არჩევანი მისცა.

ლოგისტიკური კომპანიებიდან, ჩრდილოეთ ისრაელში ჰაიფას პორტის ოპერატორმა Adan Ports-მა განაცხადა, რომ პორტი ფუნქციონირებს, თუმცა ყურადღებით აკვირდება მოვლენებს. კომპანია დასძენს, რომ საგანგებო სიტუაციაში საქმიანობის გაგრძელების კრიზისული გეგმა მზად აქვს. გლობალურმა კომპანიებმა FedEx-მა და UPS-მა დროებით შეაჩერეს მომსახურება. თუმცა UPS-ი განმარტავს, რომ შეძლებისდაგვარად დანიშნულების ადგილებზე გადაიტანს იმ ტვირთებს, რომლებიც უკვე გაგზავნილია ისრაელში.

ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებიდან, მსოფლიოში ჩიპების უმსხვილესმა მწარმოებელმა, Nvidia-მ შეცვალა მომავალი კვირის გეგმები. უფრო ზუსტად, კომპანიამ გააუქმა თელ-ავივში დაგეგმილი AI სამიტი, სადაც სიტყვით უნდა გამოსულიყო აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი.

რაც შეეხება სამომხმარებლო და საცალო ვაჭრობის კომპანიებს - H&M-მა განაცხადა, რომ მისმა ადგილობრივმა ფრენჩაიზის პარტნიორმა დროებით დახურა ყველა მაღაზია ისრაელში. ZARA-ს მაღაზიები, რომლებსაც ისრაელში კომპანია Inditex ფლობს, ასევე დაიხურება დროებით მოვლენების განვითარების შესაბამისად.