LIVE

რუსეთი ნავთობის შეზღუდულ ექსპორტს წლის ბოლომდე გააგრძელებს

05 ოქტ 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 326
რუსეთი ნავთობის შეზღუდულ ექსპორტს წლის ბოლომდე გააგრძელებს

რუსეთი ოქტომბერშიც დღიურად მხოლოდ 300 000 ბარელ ნავთობს გაიტანს ექსპორტზე და ნავთობის შეზღუდული რაოდენობით ექსპორტს წლის ბოლომდე გააგრძელებს. ამის შესახებ დღეს რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.

"(ექსპორტის) ნებაყოფლობითი შემცირება ნაწილია OPEC+ ქვეყნების პრევენციული ძალისხმევისა, შეინარჩუნოს ბაზარზე ფასების სტაბილურობა",- აღნიშნა ნოვაკმა.

გასული თვეების განმავლობაში, რუსეთმა და საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირეს. ივლისის შემდეგ საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება დღეში 1 მილიონი ბარელით შეამცირა, რის შემდეგაც ნავთობის ფასები 20%-ით გაიზარდა და ბარელზე $90-ს გადააჭარბა. 

რუსეთი და საუდის არაბეთი ნავთობის პოლიტიკას ყოველთვიურად განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ OPEC+ ქვეყნების წარმომადგენლები აღნიშნულ პოლიტიკაში რაიმე ცვლილებას არც მოელოდნენ. 

ცნობისთვის, 21 სექტემბერს რუსეთმა საწვავის ექსპორტი დროებით აკრძალა. მიზანი ადგილობრივ ბაზარზე საწვავის დეფიციტის შევსება და ფასების სტაბილურობის მიღწევაა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოდან რუსეთში ბენზინის ფასი 9.9%-ით გაიზარდა, ხოლო დიზელისა - 11.3%-ით. 

ნოვაკმა აღნიშნულთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ექსპორტის აკრძალვა.