LIVE

Apple Microsoft-ის საძიებო სისტემა Bing-ის ყიდვას განიხილავდა

30 სექ 202316:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 341
Apple Microsoft-ის საძიებო სისტემა Bing-ის ყიდვას განიხილავდა

2020 წელს ტექნოლოგიური გიგანტ Microsoft-ს Apple-თან თავისი საძიებო სისტემა Bing-ის გაყიდვაზე მოლაპარაკებები ჰქონდა. ამ ამბავმა ახალი მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა (DOJ) Google-ის წინააღმდეგ, საძიებო სისტემის დომინირების ბოროტად გამოყენების გამო, სამართლებრივი დავა დაიწყო.

საძიებო სისტემის ბაზარზე Google-ის უსამართლოდ დომინირების დასამტკიცებლად აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი სწორედ Apple-სა და Microsoft-ს შორის გარიგების მცდელობის ფაქტს იყენებს. Apple-ის მრავალმილიარდიანი თანამშრომლობა Google-თან, რომელსაც მილიარდობით დოლარს უხდის, საქმის მთავარი გარემოებაა.

გამოძიების ფარგლებში ჩვენებების მისაცემად Apple-ის და Microsoft-ის წარმომადგენლები დაიბარეს. Apple-ის მომსახურებების ხელმძღვანელი, ედი ქიუს ჩვენების მიხედვით, კომპანია Google-თან იმიტომ თანამშრომლობს, რომ ბაზარზე საუკეთესოა და არა იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს. რაც შეეხება 2020 წლის გარიგების მცდელობას, ქიუ აცხადებს, რომ ეს პროცესი Microsoft-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განხილვის ეტაპს არ გასცდენია.

Apple-მა Google-თან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2002 წლიდან დაიწყო. ამ შეთანხმებით, Google კომპანიის ყველა პროდუქტის: Mac-ის, iPhone-ის, iPad-ის მთავარი ბრაუზერია.

DOJ-ის მიხედვით, 2020 წლის მონაცემებით, Apple ამ შეთანხმებით წლიურად $4-დან $7 მილიარდამდე გამოიმუშავებს. საკითხთან დაახლოებული წყაროების თქმით, სწორედ ეს შემოსავალი გახდა Bing-ის შეძენაზე უარის თქმის მიზეზი. კომპანია ასევე არ იყო დარწმუნებული Bing-ის ხარისხსა და შესაძლებლობებში Google-თან კონკურენციის პირობებში.

მიუხედავად ამისა, Apple-ს Bing-თან თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვს: 2013-2017 წლებში სწორედ Bing იყო Safari-სა და Spotlight-ის მთავარი საძიებო სისტემა. თუმცა კომპანია Google-ს ახალი, შემოსავლების გაზიარების შეთანხმების საფუძველზე 2017 წელს დაუბრუნდა.

Microsoft-ის ბიზნეს განვითარების აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჯონ ტინტერმა თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ 2016 წელს Google-თან კონკურენციის პირობებში Apple-თან თანამშრომლობისთვის მრავალმილიონიანი ინვესტიცია გაიღო. მისივე თქმით, გარიგების განსახილველად შეხვედრა კომპანიების აღმასრულებლების დონეზეც შედგა.

ასეთი მცდელობის მიუხედავად, 2021 წელს, Bing-ის შეძენის განხილვიდან ერთ წელიწადში, Apple-მა Google-თან თანამშრომლობა გაახანგრძლივა და დღემდე მის მთავარ საძიებო სისტემად რჩება. ედი ქიუმ თავის ჩვენებაში ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ Apple ვერ ხედავს საკუთარი საძიებო ინსტრუმენტის შემუშავების საჭიროებას, რადგან Google საუკეთესო ვარიანტია.