LIVE

AI ჩატბოტი, ჭკვიანი სათვალე, VR ჰედსეტი - სიახლეები Meta-ს ყოველწლიური კონფერენციიდან

28 სექ 202318:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 344
AI ჩატბოტი, ჭკვიანი სათვალე, VR ჰედსეტი - სიახლეები Meta-ს ყოველწლიური კონფერენციიდან

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ყოველწლიურ კონფერენციაზე Meta AI – ChatGPT-ის მსგავსი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი, Ray-Ban-ის ჭკვიანი სათვალე და განახლებული ვირტუალური რეალობის ჰედსეტი Meta Quest 3 წარადგინა.

სიახლეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი Meta AI ასისტენტია, რომელიც Instagram-ის, Messenger-ისა და WhatsApp-ის 3 მილიარდი მომხმარებლისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. AI ჩატბოტს Microsoft-ის Bing-ის საძიებო სისტემასთან პარტნიორობის მეშვეობით რეალურ დროში არსებულ ინფორმაციაზე ექნება წვდომა.

Meta-ს თქმით, მუშაობენ პლატფორმაზე, სადაც კომპანიები და დეველოპერები საკუთარი AI ჩატბოტების შექმნას შეძლებენ. ეს ფუნქცია ეფექტურ კომუნიკაციაში დაეხმარება იმ კომპანიებს, რომლებიც Meta-ს აპლიკაციებს მომხმარებლებთან დასაკავშირებლად იყენებს.

აღსანიშნავია, რომ Meta-ს AI-ს ინსტრუმენტის გამოსვლას დაგვიანებულად მიიჩნევენ იმ ფონზე, როდესაც ტექ გიგანტები, როგორებიცაა Alphabet-ის Google, Snap-ი და Microsoft-ი უკვე სთავაზობენ განვითარებულ ტექნოლოგიებს თავიანთ მომხმარებლებს. თუმცა Meta-მ მრავალმილიონიანი ინვესტიცია ჩადო არაერთი იდეის გამოსაცდელად, რათა საბოლოოდ დაემტკიცებინა, რომ ამ მიმართულებით კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა შეუძლია.

რაც შეეხება Meta-ს მეორე მნიშვნელოვან სიახლეს - Ray-Ban-თან თანამშრომლობით შექმნილი ჭკვიანი სათვალე ახალი Meta AI ასისტენტის დახმარებით მუშაობს. მისი ინოვაციურობა გამოიხატება იმაში, რომ მომხმარებელი Facebook-ისა და Insagram-ის ლაივში შეძლებს აჩვენოს ყველაფერი, რასაც იმ მომენტში თავად ხედავს. მომავალ წელს დაგეგმილი პროგრამული უზრუნველყოფის განახლება AI ასისტენტს შესაძლებლობას მისცემს ამოიცნოს ადგილები და ობიექტები, რომლებსაც თავად მომხმარებელი უყურებს. სათვალე გაყიდვაში 17 ოქტომბრიდან ჩაეშვება და მისი ფასი $299 იქნება.

Meta AI ინტეგრირებული იქნება ვირტუალური რეალობის ჰედსეტშიც. AI ინსტრუმენტის დახმარებით Meta Quest-ში შესაძლებელი იქნება როგორც ტექსტური, ისე რეალისტური ფოტოებით გენერირებული პასუხების მიღება. ახალი თაობის VR-ის ფასი $500-დან იწყება და გაყიდვაში 10 ოქტომბრიდან ჩაეშვება.