LIVE

გერმანია მიგრანტებისთვის ფინანსური დახმარების განახევრებას აპირებს

27 სექ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 447
გერმანია მიგრანტებისთვის ფინანსური დახმარების განახევრებას აპირებს

მომდევნო წელს გერმანია მიგრანტებისთვის გამოყოფილი ფედერალური დახმარების განახევრებას აპირებს. მიზეზი მაღალი ინფლაცია და ეკონომიკური ზრდის შენელებაა. 

კერძოდ, ფინანსთა მინისტრის სპიკერის განცხადებით, 2024 წლიდან მიგრანტებისთვის გამოყოფილი თანხები 1.25 მილიარდ ევრომდე შემცირდება. მაგალითად, წელს ეს თანხა 3.75 მილიარდი ევრო იყო. 

აღნიშნული ფინანსური დახმარება მიგრანტების მიღებას, მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და ადგილობრივ სოციუმში ინტეგრაციის ხარჯებს ხმარდება. 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, გერმანიაში ერთ მილიონზე მეტი უკრაინელი მიგრანტი აღმოჩნდა; ამასთან, 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, სხვა ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული მიგრანტების რიცხვმა თითქმის 50%-ით მოიმატა. 

2015-2016 წლების მიგრანტთა კრიზისის შემდეგ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომების მიზეზით გერმანიაში ერთ მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, ბერლინმა ფედერალურ მიწებს, იქ ჩასული მიგრანტების რაოდენობის მიხედვით, შესაბამისი ფინანსური ასიგნებები დაუმტკიცა. 

აღნიშნული ფინანსური პოლიტიკა 2021 წელს შეიცვალა. დროთა განმავლობაში მიგრანტების რიცხვის შემცირებასთან ერთად, გერმანულმა მიწებმა ფედერალურ მთავრობას მოსთხოვეს ფიქსირებული ბიუჯეტის გამოყოფა, მიუხედავად მიგრანტთა რაოდენობისა. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბერლინმა დაახლოებით 28 მილიარდი ევრო დახარჯა მიგრანტების მიღებაში; აღნიშნულიდან 15 მილიონი კი მხოლოდ ფედერალურმა მიწებმა და მუნიციპალიტეტებმა მიიღეს. 

მიუხედავად ამისა, გერმანიას მომდევნო წლის ბიუჯეტში 20 მილიარდი ევროს დეფიციტია, რის გამოც ბერლინი ფედერალურ მიწებს მიგრანტებისთვის გამოყოფილ ფიქსირებულ თანხას, სავარაუდოდ, შეუმცირებს. გარდა ამისა, ფინანსური დახმარება გერმანიაში მყოფ 1.08 მილიონ უკრაინელ მიგრანტსაც შეუმცირდება.