
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სებ-ის ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც სანქციების აღსრულების წესში ცვლილებების შეტანას გულისხმობს, ნათია თურნავამ ერთპიროვნულად მიიღო.
ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნულმა დიდი ზიანი მიაყენა როგორც სებ-ს, ისე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.
"სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ეროვნული ბანკის მიმართ ამგვარ მუქარას და მისი დამოუკიდებლობის ხელშეხებას. ეს მიმაჩნია ერთდროულად მიუღებელ ნაბიჯად, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპებს, და უღირს საქციელად.
ეს იყო ასევე ერთპიროვნული გადაწყვეტილება: საბჭოს ყველა წევრის, ვიცეპრეზიდენტების, როგორც ჩვეულებრივი წევრების, გვერდის ავლით; არც კონსულტაცია არ ჩატარებულა, არც მათი წინასწარ გაფრთხილება, ინფორმირება. ამას ადასტურებს დღევანდელი გადადგომების მთელი რიგი. უკვე სამი ვიცეპრეზიდენტი გადადგა და ერთი პრეზიდენტის მრჩეველი.
ამ მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიყენებულ იქნა სებ-ის და, მაშასადამე, ქვეყნის მიმართ; და სწორედ იმათმა მიაყენეს ზიანი ქვეყანას, ვისაც ევალებოდა, ეზრუნათ ბანკის დამოუკიდებლობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე და მის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე," - განაცხადა ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, აღარ ვრცელდება სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი.
გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ დღეში სებ-ი დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა, გიორგი ბაქრაძემ და ნიკოლოზ გაგუამ.
აღსანიშნავია, რომ სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.