LIVE

საქართველოს რკინიგზის შემოსავალი გაიზარდა, ტვირთების მოცულობა შემცირდა - Galt & Taggart

19 სექ 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 353
საქართველოს რკინიგზის შემოსავალი გაიზარდა, ტვირთების მოცულობა შემცირდა - Galt & Taggart

საქართველოს რკინიგზის შემოსავალი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაიზარდა, თუმცა ნელი ტემპით. 

Galt & Taggart-ის თანახმად, კომპანიის შემოსავალი ამ პერიოდში, გასულ წელთან შედარებით, 15,6%-ით, $117,7 მილიონამდე გაიზარდა, რაც ძირითადად გამოწვეულია სატვირთო გადაზიდვებიდან, ლოგისტიკური და სამგზავრო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებით.

შემოსავლის ზრდის მიუხედავად, EBITDA (დაუბეგრავი მოგება), გასულ წელთან შედარებით, 19.3%–ით $34.9 მილიონამდე შემცირდა, რაც კვლევითი ორგანიზაციის განმარტებით, გამოწვეული იყო საოპერაციო ხარჯების ზრდით, განსაკუთრებით დასაქმებულთა სარგებლის გაზრდით და ლარის გამყარებით. 

შესაბამისად, EBITDA მარჟა აღნიშნულ პერიოდში, 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით, შესამჩნევად - 42.5%-დან 29.7%-მდე შემცირდა. 

Galt & Taggart-ის მიხედვით, ტვირთების მოცულობა კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა და წლიურად მხოლოდ 2.4%-ით, 6.7 მილიონ ტონამდე შემცირდა.

ეს შემცირება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო ტრანზიტის მოცულობის 5.9%-იანი წლიური შემცირებით, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ტრანსპორტირების კლებით.

კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ტვირთების მოცულობის შენარჩუნებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა თხევადი ტვირთის გადაზიდვებმა, სადაც წლიური 8.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამ ტიპის ტვირთის მოცულობამ 2.4 მილიონი შეადგინა. მშრალი ტვირთი 7.9% წლიური კლების შემდეგ, 4.2 მილიონ ტონამდე შემცირდა. 

Galt & Taggart-ის ვარაუდით, გასული წლის მაჩვენებლის გათვალისწინებით, სრული 2023 წლისთვის კომპანიის შემოსავლების ზრდა ზომიერი იქნება და წლიურად 4.7%-ით $242.3 მილიონამდე გაიზრდება.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, კომპანიამ გასულ წელს რეკორდული, 396.7 მილიონი ლარის მოგება მიიღო. 2016 წლის შემდეგ, ეს მეორე შემთხვევა იყო, როდესაც "საქართველოს რკინიგზამ" წელი ზარალის გარეშე დახურა.

კომპანია წლების განმავლობაში ზარალზე მუშაობდა და მოგებაზე გასვლა 2021 წელს შეძლო.  

საქართველოს რკინიგზის მოგება/ზარალი წლების მიხედვით ასეთია: 

  • 2016 წელი - მოგება ₾65.1 მლნ;
  • 2017 წელი - ზარალი ₾354.1 მლნ;
  • 2018 წელი - ზარალი ₾716.5 მლნ;
  • 2019 წელი  - ზარალი ₾5.5 მლნ;
  • 2020 წელი - ზარალი ₾164.6 მლნ;
  • 2021 წელი - მოგება ₾52.7 მლნ.  

მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილი საპარტნიორო ფონდიდან საქართველოს მთავრობას გადაეცა. საქართველოს რკინიგზა 2012 წლიდან საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში იყო, რომელიც თავის მხრივ, სახელმწიფო ფონდია და შესაბამისად, ცვლილება რკინიგზას ისევ სახელმწიფო საკუთრებაში ტოვებს.