LIVE

საქართველოს რკინიგზამ 2022 წელს ₾396.7 მილიონის მოგება მიიღო

01 ივლ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 463
საქართველოს რკინიგზამ 2022 წელს ₾396.7 მილიონის მოგება მიიღო

"საქართველოს რკინიგზამ" 2022 წელს რეკორდული, 396.7 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. 2016 წლის შემდეგ, ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც "საქართველოს რკინიგზამ" წელი ზარალის გარეშე დახურა.

განცხადების თანახმად, კომპანიის საოპერაციო შემოსავლები 23%-ით გაიზარდა და 674.8 მილიონი ლარი შეადგინა, რასაც "საქართველოს რკინიგზა" გადაზიდვების რეკორდული ზრდით და სამგზავრო გადაყვანების მნიშვნელოვანი მატებით ხსნის. გასულ წელს სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 388.4 მილიონი ლარი შეადგინა.

"საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, ლოგისტიკური მომსახურებიდან შემოსავლების 77%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც კომპანიას 123.1 მილიონი ლარის შემოსავალი მოუტანა.

2022 წელს სამგზავრო გადაყვანებიდან მიღებული შემოსავალი კი, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 27.4 მილიონი ლარი შეადგინა.

"წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 178.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებული იყო 2021 წლის ევრო ობლიგაციების რეფინანსირების შედეგად შემცირებული საპროცენტო ხარჯითა და ლარის გამყარებით დოლართან მიმართებაში.

საქართველოს რკინიგზა ლიკვიდურობის მაჩვენებლების გაუმჯობესებასაც განაგრძობს. ორგანიზაციის ბალანსზე 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არსებული ფულადი სახსრები 274.6 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს - 62.4 მილიონი ლარით აღემატება.

2022 წლის აუდირებულ ანგარიშგებებთან ერთად, საქართველოს რკინიგზამ 2023 წლის პირველი კვარტლის შედეგებიც გამოაქვეყნა. 2023 წლის პირველი სამი თვის წმინდა მოგებამ 82.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის წმინდა მოგებას 3.5-ჯერ აღემატება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილი საპარტნიორო ფონდიდან საქართველოს მთავრობას გადაეცა. საქართველოს რკინიგზა 2012 წლიდან საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში იყო, რომელიც თავის მხრივ, სახელმწიფო ფონდია და შესაბამისად, ცვლილება რკინიგზას ისევ სახელმწიფო საკუთრებაში ტოვებს.

კომპანია წლების განმავლობაში ზარალზე მუშაობდა და მოგებაზე გასვლა 2021 წელს შეძლო. 

"საქართველოს რკინიგზის" მოგება/ზარალი წლების მიხედვით ასეთია:

  • 2016 წელი - მოგება ₾65.1 მლნ;
  • 2017 წელი - ზარალი ₾354.1 მლნ;
  • 2018 წელი - ზარალი ₾716.5 მლნ;
  • 2019 წელი  - ზარალი ₾5.5 მლნ;
  • 2020 წელი - ზარალი ₾164.6 მლნ;
  • 2021 წელი - მოგება ₾52.7 მლნ.