ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „საქაერონავიგაცია“ ევროკონტროლის ერთიან ევროპულ ქსელ NewPENS-ში ჩაერთო.
ქსელში ჩართვით საქართველოს საშუალება ექნება, ევროპის ქვეყნებთან ინფორმაცია პირდაპირ გაცვალოს.
„აღნიშნულ ქსელში ჩართვით საქართველოს საშუალება ეძლევა, ევროპის ქვეყნებთან ინფორმაციის პირდაპირი მიმოცვლა განახორციელოს. აგრეთვე, აღნიშნული ქსელის საშუალებით უკვე შესაძლებელია, საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური შეტყობინებების მსოფლიო საავიაციო მეტეოროლოგიურ ბანკში (ROC) გავრცელება ციფრული - IWXXM ფორმატით“, - განაცხადა „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.
ინფორმაციისთვის, NewPENS (new pan-European network service) სატელეკომუნიკაციო ქსელია, რომელიც EUROCONTROL-ის მხარდაჭერით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის სერვისების რამდენიმე პროვაიდერის მიერ შეიქმნა.
NewPENS სააერნაოსნო ინფორმაციების გაცვლისთვის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერებს, მიმწოდებლებსა (ANSP) და სხვა საჰაერო მოძრაობის ორგანიზებით (ATM) დაინტერესებულ მხარეებს შორის ქსელურ სერვისს უზრუნველყოფს. იგი მოიცავს ხმოვან და მონაცემთა კომუნიკაციას და უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტურ კავშირს ამ ქსელში გაერთიანებული წევრებისთვის. NewPENS-ში თითქმის ყველა ევროპული ქვეყანაა გაერთიანებული.