LIVE

საფრანგეთმა iPhone 12-ის გაყიდვა აკრძალა

14 სექ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 612
საფრანგეთმა iPhone 12-ის გაყიდვა აკრძალა

ელექტრომაგნიტური გამოსხივების გამო საფრანგეთმა Apple-ის iPhone 12-ის გაყიდვა აკრძალა. ამასთან, საკითხის შესწავლა დაიწყო ბელგიამ, გერმანიამ და ჰოლანდიამ და შესაძლოა, პროდუქციის აკრძალვა ევროპის მასშტაბით გაფართოვდეს.

საფრანგეთში ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ რომ ტელეფონის სპეციფიკური შთანთქმის სიჩქარე (SAR) - სხეულის მიერ აღჭურვილობისგან შთანთქმული რადიოსიხშირული ენერგიის სიჩქარის მაჩვენებელი - უფრო მაღალი იყო, ვიდრე კანონით დაშვებული ნორმა.

საფრანგეთის ნაციონალურმა სიხშირეების სააგენტომ (ANFR) Apple-ს მიმართა, რომ თუ პრობლემას პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით ვერ გადაჭრის, ქვეყანაში გაყიდული ყველა iPhone 12 უკან უნდა გამოითხოვოს.

Apple საფრანგეთის დასკვნას აპროტესტებს და აცხადებს, რომ გამოსხივების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაზე, iPhone 12 სერტიფიცერებულია მრავალი საერთაშორისო ორგანოს მიერ. ამისდა მიუხედავად, საკითხის მიმართ შეშფოთება არ იკლებს და მოკვლევა სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს.

გერმანიის ქსელის მარეგულირებელი (BnetzA) აცხადებს, რომ მჭიდრო კონტაქტზეა საფრანგეთის პასუხისმგებელ ორგანოსთან და დასძენს, რომ ამ საკითხზე, საფრანგეთის მიერ გატარებული პროცედურებით უნდა იხელმძღვანელოს მთელმა ევროპამ.

საკითხის მოკვლევა დაიწყო ბელგიასა და ჰოლანდიაში. ჰოლანდიური ციფრული დამკვირვებელი ამერიკული კომპანიისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს, თუმცა აღნიშნავს, რომ „უსაფრთხოების მწვავე რისკი არ არსებობს“.

იტალიის მრეწველობის სამინისტრომ განაცხადა, რომ არსებულ სიტუაციას აკვირდება, თუმცა ამ დროისთვის არანაირ ზომებს არ იღებს.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მობილური ტელეფონის ჯანმრთელობის რისკების შესაფასებლად არაერთი კვლევაა ჩატარებული. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მობილური ტელეფონის გამოყენებით გამოწვეული ჯანმრთელობის მავნე ზემოქმედება არ დასტურდება.