LIVE

თიბისის ანგარიშებიდან თანხის გატანის საკომისიო იზრდება - დეტალები

14 სექ 202312:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1192
თიბისის ანგარიშებიდან თანხის გატანის საკომისიო იზრდება - დეტალები

ფიზიკური პირის მიერ თიბისის ფილიალებისა და სერვისცენტრების სალაროში ანგარიშებიდან თანხის გატანის საკომისიო იზრდება. საუბარია მიმდინარე ანგარიშზე, ჩემი სეიფის ანგარიშზე და შემნახველ ანგარიშზე.

ბანკმა მომხმარებლებს საინფორმაციო შეტყობინება უკვე გაუგზავნა.

ახალი საკომისიოები ეტაპობრივად, ოქტომბერ-ნოემბერში ამოქმედდება. კერძოდ, 2023 წლის 20 ოქტომბრიდან ცვლილება ეხება ფიზიკური პირის მიმდინარე ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიოს და 0.6% გახდება, როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში. 20 ოქტომბრამდე კი ლარში გატანის საკომისიო 0.2%-ია, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 0.6%.

20 ნოემბრიდან იზრდება ფიზიკური პირის ჩემი სეიფის ანგარიშიდან ჩარიცხული/ნაღდი სახით შეტანილი თანხის გატანის საკომისიო. ეროვნული ვალუტის შემთხვევაში, დღეს მოქმედი 0.2%-ის ნაცვლად 0.6% გახდება, ხოლო უცხოური ვალუტის გატანისას 0,25%-ის ნაცვლად ასევე 0.6% იქნება.

20 ნოემბრიდანვე იზრდება ფიზიკური პირის შემნახველი ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო. დღეს მოქმედი წესით, თუ ამ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა TBC Pay-დან, ან სხვა ანგარიშიდან ხდება, გატანის საკომისიო 0.2%-ია ლარში და 0.25% უცხოურ ვალუტაში. ხოლო მაშინ, როცა ანგარიშზე თანხის შეტანა სალაროდან ხდება, ქეშად შეტანილი ფულის ანგარიშიდან გატანისას თიბისის საკომისიო არ აქვს. 20 ნოემბრიდან კი საკომისიო ვრცელდება როგორც ნაღდ, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებაზე და ის ლარისა და უცხოური ვალუტის გატანისას 0.6% გახდება.

რაც შეეხება ბანკომატებიდან თანხის გატანის საკომისიოს, ის უცვლელი რჩება.