საქართველოში iPhone 15-ის მოდელების ფასები დაახლოებით 3800 ლარიდან დაიწყება. როგორც iPlus-ის გენერალურმა დირექტორმა, კახა სეფიაშვილმა "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, ახალი iPhone-ები საქართველოში 28 სექტემბრიდან შემოვა.
მისივე თქმით, საქართველოში iPhone 15-ის კონკრეტული მოდელების ზუსტი ფასები ცნობილი ხვალიდან გახდება.
Apple-მა 12 სექტემბერს iPhone-ების ახალი მოდელები: iPhone 15, 15 Plus, 15 Pro და 15 Pro Max-ი - წარადგინა. ოფიციალურად, iPhone 15-ის საწყისი ფასი $799 იქნება; iPhone 15 Plus - $899, iPhone 15 Pro - $999, ხოლო iPhone 15 Pro Max - $1 199 ეღირება.
ახალ მოდელებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზუალური და ტექნიკური ცვლილება დაინერგა:
- iPhone 15 Pro-სა და iPhone 15 Pro Max-ში წინა მოდელების ფოლადის მატერია ტიტანით შეიცვალა. შესაბამისად, ტიტანისგან დამზადებული აღნიშნული ორი მოდელი ბევრად უფრო გამძლე და მსუბუქი იქნება.
- iPhone 15 Pro-სა და 15 Pro Max-ის მოდელებში 3-ნანომეტრიანი A17 Pro ჩიპია ინტეგრირებული. აღნიშნული წარმოადგენს Apple-ის მიერ სმარტფონებისთვის შექმნილ ყველაზე სწრაფ ჩიპს. გარდა სისწრაფისა, A17 Pro-ს უფრო დიდი მეხსიერება და ერთდროულად რამდენიმე დავალების ეფექტიანად შესრულების უკეთესი შესაძლებლობაც აქვს.
- iPhone 15 Pro და 15 Pro Max-ს სამი კამერა და 48-მეგაპიქსელიანი სენსორი ექნებათ. მხოლოდ iPhone 15 Pro Max-ის მოდელს ექნება კამერის 5X ოპტიკური ზუმი.
- აღსანიშნავია, რომ 15 Pro-ს მოდელებში მინიმალური მეხსიერება 256 გიგაბაიტია.
- პირველად, Pro-ს მოდელებში დაინერგა ე.წ. "მოქმედების ღილაკი" (Action Button), რომელიც ხმის გათიშვის (Mute Switch) ღილაკს ჩაანაცვლებს. რომელიც სხვადასხვა ფუნქციაზე იქნება მორგებული; მათ შორისაა ტელეფონის ხმის გათიშვა, განათების ჩართვა, კამერის ჩართვა, ხმის ჩაწერის დაწყება, Siri-ს გახსნა და სხვა.
ტიტანის 15 Pro და 15 Pro Max მოდელები შავ, თეთრ, ლურჯ და ბუნებრივი ტიტანის ფერებში გამოვა.
მათგან განსხვავებით, iPhone 15 და iPhone 15 Plus-ის მოდელები ვარდისფერ, ყვითელ, მწვანე, შავ და ლურჯ ფერებში გაიყიდება.
- iPhone 15-სა და 15 Plus-ის მოდელებში ე.წ. "დინამიკური კუნძულის" დიზაინი (Dynamic Island) ჩნდება. აქამდე იგი მხოლოდ iPhone 14 Pro და 14 Pro Max-ის მოდელებს ჰქონდათ. "დინამიკური კუნძული" აჩვენებს სხვადასხვა სიგნალებს, შეტყობინებებს, მათ შორის შემომავალ და მიმდინარე ზარებს, აქსესუარებთან კავშირებს, Face ID იდენტიფიკაციას, უკონტაქტო ტრანზაქციებსა და ფონის სხვა აქტივობებს. აღსანიშნავია, რომ "დინამიკური კუნძული" ყველა ახალ მოდელში, მათ შორის 15 Pro და 15 Pro Max-ს ექნებათ.
- კამერის მხრივ, 15 და 15 Plus-ის მოდელებს 48 მეგაპიქსელიანი კამერა ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ iPhone-ების ყველა ახალ მოდელში Apple-ის ტრადიციულ Lightning პორტს ანდროიდის ტიპის, უნივერსალური USB-C დამტენის პორტი ჩაანაცვლებს.