LIVE

ჩინეთის სამთავრობო სამსახურებში iPhone-ის აკრძალვის ფონზე, Apple-ის აქციები ეცემა

08 სექ 202319:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 423
ჩინეთის სამთავრობო სამსახურებში iPhone-ის აკრძალვის ფონზე, Apple-ის აქციები ეცემა

Apple-ის აქციები ზედიზედ მეორე დღეა ეცემა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, ჩინეთში სამთავრობო სამსახურებში iPhone-ების გამოყენების აკრძალვის შესახებ.

Apple-ს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ღირებულება აქვს საფონდო ბირჟაზე, რომელიც 2,8 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ბოლო ორი დღეში კი კომპანიის შეფასება 6%-ზე მეტად, თითქმის $200 მილიარდით დაეცა. აღსანიშნავია ისიც, რომ აკრძალვის შესახებ ინფორმაცია ახალი iPhone 15-ის გამოშვებამდე დღეებით ადრე გავრცელდა.

Apple-ის აქციების ვარდნასთან ერთად, მისი ზოგიერთი მომწოდებლის აქციებიც შემცირდა. ასე მაგალითად, ჩიპების ყველაზე დიდი მიმწოდებლის Qualcomm-ის აქციები 7%-ზე მეტით დაეცა, ხოლო სამხრეთ კორეის SK Hynix-ის აქციები დაახლოებით 4%-ით.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი Apple-ისთვის სიდიდით მესამე ბაზარია, რომელმაც შარშან მისი მთლიანი შემოსავლის 18% შეადგინა. ასევე,  Apple-ის პროდუქციის უმეტესი ნაწილის ჩინეთში, მისი უდიდესი მიმწოდებლის, Foxconn-ის მიერ იწარმოება.

სამთავრობო სამსახურებში Apple-ის პროდუქციის აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაცია, უცხოურ გამოცემებში ამ კვირაში გავრცელდა. წყაროების მიხედვით, პეკინმა ცენტრალური სამთავრობო სააგენტოს წარმომადგენლებს უბრძანა, არ შეეტანათ iPhone-ები ოფისში და არ გამოეყენებინათ ისინი სამუშაო პროცესის დროს. ასევე მედიაში საუბრობენ იმაზე, რომ აკრძალვა შესაძლოა დაწესდეს სახელმწიფო კომპანიებისა და მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სააგენტოების თანამშრომლებზეც. შეზღუდვები დაწესდა სხვა უცხოური ბრენდის მოწყობილობებზეც.

ამ ეტაპზე ოფიციალურ კომენტარს არც ჩინეთის მთავრობის მხარე და არც Apple არ აკეთებენ.